ახმეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო

921

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ახმეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. სხდომათა დარბაზში ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა მივიდა და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოების დროულად დაწყება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა მოსახლეობას ვითარებაში გარკვევისთვის დრო სთხოვა და სხდომა გადადო. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ კი ყეინიშვილმა შეკრებილ მოქალაქეებს თუშეთის გზასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ადგილობრივები უკვე რამდენიმე საათია ახმეტის საკრებულოს შენობაში იმყოფებიან. ისინი სხდომათა დარბაზის დატოვას მანამდე არ აპირებენ სანამ მათ კითხვებზე კონკრეტული პასუხს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ მიიღებენ.

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სავტომობილო გზაზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. მიზეზი გზის 56- ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბაში წყლის დონის მატებაა, რამაც სავალი ნაწილი დატბორა. გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე კი, ადგილობრივებმა თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს.

სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინაც გამართა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან არსებულ ვითარებას გუშინ ადგილზე გაეცნენ. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის აღსადგენად დამატებითი ტექნიკა იმუშავებს.