მარნეულის N68-ე საარჩევნო უბანზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ამჟამად სიტუაცია განმუხტულია, – ამის შესახებ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაახლოებით, 15-მდე საჩივარია შესული, რომლებიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს შეეხება და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
“არანაირი ბიულეტენის ჩაყრას 68-ე უბანზე ადგილი არ ჰქონია, ეს არის ცრუ ინფორმაცია, ამიტომ, უბნის ბათილობაზე ფიქრიც კი ზედმეტია. 68-ე უბანზე გავრცელებული ინფორმაცია გადავამოწმეთ, მე თვითონ გახლდით უბანზე, ეწყობოდა პროვოკაციები, განმუხტულია სიტუაცია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“, -განაცხადა იაკობ ასანიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის არჩევნებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა, სადაც საარჩევნო დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა წარადგინეს. მათივე მტკიცებით, ერთ-ერთ ვიდეოში ასახულია, თუ როგორ გააქვთ 68-ე უბანზე ბიულეტენები.