გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის არჩევნებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უპრეცედენტო გაყალბების გზები აირჩია და ყველა არსებულ მეთოდს იყენებს, რათა სასურველი კანდიდატი “მარნეულის მოსახლეობას თავზე დაასვას“. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
“ხელისუფლება მიმართავს ისეთ ხერხებს, როგორიცაა კამერების გათიშვა და უკვე იმ დონემდე დავიდნენ, რომ დამაგრძელებლებსაც კი იპარავენ საარჩევნო უბნებიდან, რათა კამერები იყოს გამორთულ მდგომარეობაში“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
ბრიფინგზე პარტიამ სამი ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც საარჩევნო დარღვევებია ასახული.
პარტიის მტკიცებით, 68-ე უბანზე ბიულეტენების გატანა დაფიქსირდა.
კიდევ ერთ ვიდეოში, რომელსაც პარტია ავრცელებს, ჩანს, რომ შაუმიანის მეცხრე უბანზე კომისიის წევრი ტელეფონით უთანხმებს კულტურის სახლის უფროსს სიებს, ხოლო შემჩნევისა და კამერის დანახვის შემდგომ საარჩევნო უბნიდან გარბის.
ვიდეოკამერაზეა ასახული, თუ როგორ დგას მამაკაცი საარჩევნო უბნის გარეთ სიებით ხელში და აღრიცხავს, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა.
ასევე, ზურაბ მელიქიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ პარტიის წარმომადგენელ დამკვირვებლებს დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საარჩევნო უბნებიდან აძევებენ. მისი თქმით, ამგვარი შემთხვევები დაფიქსირდა მარნეულინ N1, N4, N84 და N85 უბნებში.