სანდრა რულოვსმა ახალგაზრდებს ზუგდიდის განვითარების გეგმა გააცნო

1102

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ახალგაზრდებსა და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიში წარიმართა და დასმული შეკითხვები, ძირითადად, განათლებასა და ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობას ეხებოდა.

როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, დევნილი ახალგაზრდებისთვის სახელწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაში არასამთავრობო სექტორის როლი მნიშვნელოვანია. ამასთან, მისივე თქმით, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარის დაზოგვას და ამ თანხით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას გეგმავს. მისივე განმარტებით, ცვლილებები, შესაძლოა, იანვრიდან, ხალი ბიუჯეტის ამოქმედების შემდეგ მოხდეს.

“15 მილიონის დაზოგვით ვაპირებთ ეს თანხა მოსახლეობაზე დავხარჯოთ. ერთ ოჯახზე 1 500 ლარი გამოდის. სამი თვის განმავლობაში შეგვიძლია გადავანაწილოთ. ეს იქნება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება, იმიტომ, რომ არ მეგულება ამ მუნიციპალიტეტში ოჯახი, და ზოგადად ქვეყანაში, ვისაც არ აქვს ვალი, ვისაც არ აქვს არაკომფორტული საცხოვრებელი პირობები. ვისაც არ აქვს სურვილი, უკეთესი განათლება მისცეს ბავშვებს, წამლები იყიდოს, რომელიც დღეს მათთვის ხელმიუწვდომელია”, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

რულოვსის აზრით, დღეს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის გართობის ძალიან ცოტა შესაძლებლობაა და კარი იქნება იყოს კინო და მედიათეკა, სადაც ყველა მოახერხებს კომპიუტერული დისკების გამოყენებას.

“მე მაქვს ძალიან ბევრი დისკი, რომელსაც დროებით სარგებლობაში გადავცემდი მედიათეკას. რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს, უნდა იყოს მეტი სავარჯიშო ცენტრი. სკოლებში ბევრი რამ არის ამ მიმართულებით ჩასატარებელი. ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ კბილის გახეხვა აუცილებელია, რომ მიიღოს ბოსტნეული, ისარგებლონ კიბეებით და არა ლიფტით. ვფიქრობ, აქტიურ ცხოვრებასთან ერთად, ნაკლებად იქნება სიგარეტის გამოყენება”, – განმარტა მერობის კანდიდატმა.

ამასთან, შეხვედრის მიმდინარეობისას მერობის კანდიდატმა ინიციატივაც გააჟღერა და თქვა, რომ, შესაძლოა, მერი კვირაში ორჯერ სხვადასხვა სკოლაში მივიდეს და ბავშვებს საინტერესო თემებზე ესაუბროს. ასევე. შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა ლაზიკის პროექტის გაცოცხლებაზეც ისაუბრა.

“ჩემს მეუღლეს ჰქონდა იდეა, ლაზიკაში უნდოდა აეშენებინა ისეთი შენობები, როგორიც ომის შედეგად სოხუმში დაინგრა და ამით უნდოდა აფხაზებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორი იქნებოდა აფხაზეთი ქართველებთან თანაცხოვრების შემთხვევაში”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ახალი ქალაქი ლაზიკა სოფელ ანაკლიასა და ყულევს შორის უნდა გაშენებულიყო და საპორტო ქალაქი უნდა ყოფილიყო. ინიციატივა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. მშენებლობა 2012 წლიდან უნდა დაწყებულიყო.

ცნობისთვის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა დაიწყო საარჩევნო შეხვედრების ციკლი და გეგმავს ახალგაზრდები ყველა კანდიდატს შეახვედროს.