ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სულ თოთხმეტი კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის, 11 პარტიამ, სამი კი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მათგან მერობისთვის სამი ქალი კანდიდატი იბრძოლებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ქრისტიან-კონსერვატორებიდან” მერობისთვის ნანი ხუციძე იბრძოლებს, მისი საარჩევნო ნომერია 39. რაც შეეხება ლიკა ბუკიას, ის “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატია და არჩევნებში მონაწილეობას №21-ით მიიღებს. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო ნომერი კი №5 იქნება.
ცალკე კანდიდატი ჰყავს “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას” – გიორგი ჩიაშვილი. მისი საარჩევნო ნომერია 38. თუმცა, “ედპ” პარალელურად გაერთიანებულ ოპოზიციაში – “ძალა ერთობაშია” შემავალი ერთ-ერთი პარტიაცაა, რომელიც მხარს სანდა რულოვსს უჭერს. პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ცალკე კანდიდატის დარეგისტრირების გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსის ხარვეზის გამო მიიღეს.
პოლიტიკური პარტიის “ახალი პლატფორმა” მერობის კანდიდატია ალექსი ნონიაძე, საარჩევნო ნომრით 27.
კანდიდატი დაარეგისტრირა პარტიამ “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”. მამუკა გერმანიშვილის საარჩევნო ნომერია 1.
რაც შეეხება ამ დროისთვის დარეგისტრირებული დანარჩენი კანდიდატების საარჩევნო ნომრებს: “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის” კანდიდატი პაატა პირტახია – № 31; “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი დათა გაბეჩავა – № 23; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” კანდიდატი მალხაზ ლეჟავა – № 33. გოგიტა ბიგვავა – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – № 4; “საქართველოს პარტიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი შავლეგ თოდუა – № 8;
რაც შეეხებათ დამოკიდებელ კანდიდატებს: თენგიზ ჯგუშია – № 43; დომენტი სიჭინავა – № 42; დავით თორდია – № 44
ამასთან, ცნობილია, რას სთავაზობენ ზუგდიდის მერობის მსურველი დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩევლებს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.