რას პირდებიან ზუგდიდის მერობის მსურველი დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩევლებს? ამის შესახებ გამოცემა “ლაივპრესი” რამდენიმე კანდიდატს ესაუბრა.
ზუგდიდის მერობა 4 დამოუკიდებელ კანდიდატს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას, მოძრაობის “სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელ თენგიზ ჯგუშიას, თეოლოგ დავით თორდიასა და ისტორიკოს გოგიტა ბიგვავას სურთ.
ზვიად სიჭინავა 2017 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა, დამარცხდა და ამბობს, რომ გამარჯვებაში არც ახლაა დარწმუნებული, მაგრამ მოქალაქეებს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. მისი თქმით, პროგრამაზე დეტალურად დარეგისტრირების შემდეგ ისაუბრებს.
დავით თორდიას თქმით კი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდში შეცვლის ხალხის მსოფლმხედველობას, საზოგადოებას გამოაღვიძებს და ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოიყვანს.
თენგიზ ჯგუშია: “ვთავაზობ ზუგდიდს პროგრამას, რომელსაც “ზუსტი დაგეგმარება პლიუს მომჭირნეობა“ ერქმევა. ზუგდიდს ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება. მთავარია მოხდეს დაგეგმარება ზუსტად და სწორად. გერმანული სისტემების დახვეწილობით, სიზუსტით და შემდგომ მოხდეს დაგეგმარებულის მომჭირნეობითი მიდგომების საფუძველზე განხორციელება”.
მისი თქმით, ხალხთან მჭიდრო ურთერთობას, მერიის მანქანების აუქციონზე გატანას, ზედმეტი ავეჯის გაყიდვას და თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვას გეგმავს. მერიას კი არა ნათესავებით, არამედ რიგითი ზუგდიდელებით უმკაცრესი კონკურსის წესით დააკომპლექტებს.
გოგიტა ბიგვავა: “მერის ძირითადი მოვალეობა უნდა იყოს მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი. ანუ კაბინატში არ უნდა იყოს გამოკეტილი. კარგ მენეჯერთან ერთად უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრების მქონე პიროვნება“.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, რომელიც 19 მაისს გაიმართება, ამ ეტაპზე ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.