გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ ჩვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა დარჩეს

1424

წინა გამოკითხვა

შემდეგი გამოკითხვა

ჩვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმ თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა დარჩეს, რომელშიც ვცხოვრობთ, – ასე ფიქრობს droa.ge-ს მომხმარებელთა უმრავლესობა, რომლებმაც ვებგვერდის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ცნობილია, ამჟამად ხელისუფლება მუშაობს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთ მიმართულებასაც ფისკალური დეცენტრალიზაცია წარმოადგენს. ამჟამად მუნიციპალიტეტები ძირითად დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო დღგ-ს 19%-იდან შემუშავებული ფორმულის მიხედვით უნაწილებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ აუცილებელია, საშემოსავლო გადასახადი ზიარ გადასახადად იქცეს და მისი ნაწილი, მოქალაქეთა რეგისტრაციის მიხედვით, მუნიციპალურ ბიუჯეტებში დარჩეს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გაგვეგო ჩვენი მომხმარებლების აზრი, თუ რას ფიქრობდნენ აღნიშნულ საკითხზე.

კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა ჩვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმ თვითმმართველობის ბიუჯეტში, რომელშიც ვცხოვრობთ? – 722 მომხმარებელი, ანუ გამოკითხულთა 80% თვლის, რომ აუცილებლად უნდა დარჩეს.

142 მომხმარებელი, ანუ გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს.

უნდა დარჩეს თუ არა ამ გადასახადის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში, არ იცის 36-მა მომხმარებელმა, ანუ გამოკითხულთა 4%-მა.

სულ გამოკითხვაში 900-მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი IP-მისამართიდან შეეძლო ხმის მიცემა.

დღეიდან ვებგვერდზე ახალი გამოკითხვა დაიწყო. ამჯერად გვსურს, გავარკვიოთ ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა აზრი,  თუ, პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად.

იმედი გვაქვს, იაქტიურებთ და დააფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას.