droa.ge-ს გამოკითხვით, მოქალაქეები თვლიან, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში კანონით დადგენილი ყველა ფორმით უნდა ჩაერთონ

936

წინა გამოკითხვა

შემდეგი გამოკითხვა

droa.ge-მ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რა ფორმით უნდა ჩაერთონ მოქალაქეები ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში. პასუხებში კი მოქალაქეთა მონაწილეობის ყველა ის ფორმა მიუთითა, რომელსაც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ადგენს.

გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობა – 46% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩასართავად ყველა ის ფორმა უნდა გამოიყენონ, რომელიც კანონმდებლობითაა დადგენილი.

14% მიიჩნევს, რომ მონაწილეობის საუკეთესო ფორმა პეტიციაა. ამიტომაც, მისი საშუალებით უნდა მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოითხოვონ კონკრეტული საკითხის მოგვარება.

გამოკითხულთა 12% პრიორიტეტს საერთო კრებებს ანიჭებს, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ გადაწყვიტონ, თუ მათ დასახლებაში რა საკითხის მოგვარება სურთ.

8%-ისთვის ჩართულობის ყველაზე მისაღები ფორმა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამართული საჯარო შეხვედრებია, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ და საკუთარ მოსაზრებებსაც დააფიქსირებენ.

7% მიიჩნევს, რომ საკრებულოსა და მისი კომისიების მუშაობაში უნდა ჩაერთონ.

გამოკითხულთა 5% თვლის, რომ მოქალაქეთა აქტიურობა ადგილობრივ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

4% ფიქრობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის საუკეთესო ფორმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პროექტების შეთავაზებაა.

გამოკითხვაში ბოლო ორ ადგილს იკავებს თვითორგანიზების აუცილებლობა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობა.

3% მიიჩნევს, რომ დასახლების პრობლემური საკითხების მოგვარება თვითორგანიზებითაა შესაძლებელი, ხოლო 1%-სთვის ადგილობრივი საკითხების მოგვარებაში ჩასართავად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობა ყველაზე მისაღებია.

გამოკითხვა ვებგვერდზე 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 368 ადამიანმა მიიღო. მოქალაქეებს კითხვაზე მხოლოდ ერთხელ, ერთი პასუხის გაცემა შეეძლოთ.

დღეიდან ვებგვერდზე ახალი გამოკითხვა იწყება. ამჯერად გვსურს, გავარკვიოთ ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა აზრი, უნდა დარჩეს თუ არა ჩვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმ თვითმმართველობის ბიუჯეტში, რომელშიც ვცხოვრობთ.

იმედი გვაქვს, იაქტიურებთ და დააფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას.