ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად მეტი ფინანსების, ქონებისა და უფლებამოსილებების გადაცემაა საჭირო

836

წინა გამოკითხვა

შემდეგი გამოკითხვა

ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად მუნიციპალიტეტებისთვის მეტი ფინანსების, ქონებისა და უფლებამოსილებების გადაცემაა საჭირო, – ასე მიიჩნევს მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებმაც droa.ge-ს გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად? – გამოკითხულთა უმეტესობა – 51% ფიქრობს, რომ მათ გასაძლიერებლად კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. კერძოდ, თვითმმართველობებს მეტი ფინანსური და ქონებრივი დამოუკიდებლობა უნდა მიეცეთ და, აგრეთვე, უნდა გაეზარდოთ საკუთარი უფლებამოსილებები.

გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში უფრო მეტი გადასახადი უნდა დარჩეს იმისათვის, რომ თვითმმართველობის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს. 12% ამბობს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეთ; 11% კი ფიქრობს, რომ მათ საკუთარი უფლებამოსილებები უნდა გაეზარდოთ.

გამოკითხულთა მხოლოდ 8% ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები ისედაც საკმარის ქონებას, ფინანსებს და უფლებამოსილებებს ფლობენ, ამიტომ მათი გაძლიერება საჭირო აღარაა.

სხვათა შორის, ამ 8%-ის მსგავსად ფიქრობს პრემიერმინისტრი გახარიაც, რომელმაც მისი დამტკიცებისას პარლამენტში განაცხადა, რომ მთავრობამ ადგილობრივ დონეზე უკვე იმხელა უფლებამოსილებების დელეგირება მოახდინა, რომლის კომპეტენციაც თვითმმართველობებს ჯერ კიდევ არ აქვთ.

ამის პარალელურად, საქართველოს მთავრობამ დეცენტრალიზაციის სტრატეგია დაამტკიცა, რომელსაც, წესით თვითმმართველობებისთვის მეტი ფინანსების, უფლებამოსილებებისა და ქონების გადაცემა უნდა უზრუნველეყო, თუმცა, საკითხზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სტრატეგია ამ მიზნების მიღწევას ვერ უზრუნველჰყობს და მისი განხორციელებით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები, ფინანსური და ქონებრივი დამოუკიდებლობა არ გაიზრდება.

droa.ge-მ უკვე დაიწყო ახალი გამოკითხვა, რომლითაც, გვსურს, გავიგოთ, მიიღეთ თუ არა მონაწილეობა თქვენი მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში?

იმედი გვაქვს, იაქტიურებთ და დააფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას.