ბედნიერების ფორმულა დანიურად – როცა თვითმმართველობა მართლა მუშაობს
625
ფოტო: scandification.com
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
დანია რომ წლებია, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში ერთ-ერთი პირველია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რატომ? – პასუხი, ალბათ, სახელმწიფო მოწყობის სისტემაში უნდა ვეძებოთ. უპირველესად კი, ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომელიც მაღალი სტანდარტების სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს და სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები მონაწილეობენ.
დანიაში მოქალაქეების სიმშვიდესა და ცხოვრების ხარისხს სწორედ ასეთი ძლიერი საყრდენი აქვს – განვითარებული, თვითკმარი და პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა. ქვეყანა, სადაც მერი გაცილებით მეტს წყვეტს, ვიდრე მხოლოდ ქუჩის ნათურების გამოცვლაა, სადაც განვითარება ადგილობრივების იდეებით იწყება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ხორციელდება, სადაც ქალაქის საბჭოში შესვლა ნამდვილად ნიშნავს მონაწილეობას და არა, უბრალოდ, კრიტიკას.
დანიაში არც დეცენტრალიზაციაა მხოლოდ ლოზუნგი, ისე, როგორც, მაგალითად, საქართველოში. ესაა სახელმწიფო მოწყობის ქვაკუთხედი; ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობა უბრალოდ ბიუჯეტის ციფრები არ არის – ის განსაზღვრავს, თუ რამდენად რეალურად შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდება და განვითარების გეგმების განხორციელება. დამოუკიდებელი ფინანსები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ რამდენად ცოცხალი და ფუნქციურია ადგილობრივი დემოკრატია.
OECD-ის მონაცემების მიხედვით, დანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯების წილი მთლიან საჯარო ხარჯებში 66%-ზე მეტია, ხოლო შემოსავლების წილი – 63%-ს უტოლდება. მუნიციპალიტეტებისშემოსავლების უმეტეს ნაწილსშეადგენსსაშემოსავლო გადასახადი, რომლის განაკვეთებსაც თავად ადგილობრივი მთავრობებიადგენენ.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფულსაცთვითონ შოულობენდა ხარჯვაზეც თავად იღებენ გადაწყვეტილებას.
მუნიციპალიტეტების ამგვარი სიძლიერე შემთხვევითი არ არის. დანია ამ მოდელამდე მიზანმიმართულად მივიდა და ამ გზაზე გადამწყვეტი როლი 2007 წლის ფართომასშტაბიანმა რეფორმამ ითამაშა.
დაცლილი სოფლები მსხვილი ურბანული ცენტრების პირისპირ
2007 წელს, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ქვეყანაში მასშტაბური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა ჩატარდა: გაუქმდა 13 ოლქი და მათ ნაცვლად შეიქმნა 5 რეგიონი, 271 მუნიციპალიტეტიდან კი მხოლოდ 98 დარჩა. იდეა მარტივი იყო – მეტი ეფექტურობა, უფრო ძლიერი თვითმმართველობები და სრული დეცენტრალიზაცია. თუმცა, ამ პროცესში ბევრი პატარა სოფელი დიდმა ქალაქებმა, უბრალოდ, შთანთქეს.
დღეს დანიის ქალაქებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 7.7-ჯერ აღემატება სოფლად მცხოვრებლებს. მოსახლეობის თითქმის 87.4% ურბანულ ცენტრებში ცხოვრობს, რაც ციფრებში,დაახლოებით, 5.25 მილიონ ადამიანს შეადგენს, სოფლად მცხოვრებთა ჯამური რაოდენობა კი, დაახლოებით, 684000–ია. ეს ბუნებრივიცაა – იქაა ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სკოლა, ტრანსპორტი...
მოსახლეობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქებში მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყო და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სახელმწიფო კი ამ ტენდენციას, ფაქტობრივად, არ დაპირისპირებია. პირიქით, როცა 2007 წლის რეფორმამ მცირე მუნიციპალიტეტები გააუქმა, ამით მან დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ურბანულ ცენტრებს ეკუთვნის, სოფლებს, ფუნქციურად, მეურნეობის სივრცეებად მოიაზრებს და მათ, როგორც სოციალურ სივრცეს, ნაკლებადღა განიხილავს. ამიტომაც, მიუხედავად ძლიერი თვითმმართველობისა, სოფლის შენარჩუნება დანიის სახელმწიფო თუ მუნიციპალური პოლიტიკის დოკუმენტებში ცენტრალურ ადგილს აღარ იკავებს.
მოლსი – 24 სოფლის მიერ ერთობლივად შექმნილი ახალი ისტორია
ამის მიუხედავად, სოფლად მცხოვრები დანიელები მაინც ცდილობენ საკუთარი სოციალური სივრცეების შენარჩუნებასა და განვითარებას – მოლსის შემთხვევა ამის გამორჩეული მაგალითია.
მოლსი დანიაში მდებარე პატარა, ლამაზი რეგიონია — ნახევარკუნძულოვანი ტერიტორია იუტლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მოლსში, ჯამში, 24 სოფელია გაერთიანებული, 3 899 მცხოვრებით.
ამ სოფლების ყველაზე დიდი დასახლება კნებელია, სადაც 600 ადამიანი ცხოვრობს. სწორედ აქ არის თავმოყრილი საჯარო სერვისების უმეტესობა და სწორედ ამის გამო დანარჩენ სოფლებს მასთან დაპირისპირება ჰქონდათ. ადგილობრივები თვლიდნენ, რომ მომსახურება უთანასწოროდ ნაწილდებოდა და კნებელი ზედმეტად დიდი წილით სარგებლობდა. სიტუაცია კი ბოლომდე მაშინ დაიძაბა, როცა მუნიციპალიტეტმა კნებელის სკოლის დახურვა, უკეთეს შემთხვევაში კი, კლასების შემცირება დააანონსა.
ზუსტად ამ დროს გაჩნდა შანსი – სოფლების კლასტერული განვითარების ეროვნული პროექტი, რომელიც დანიური ფონდების ინიციატივით დაიწყო. მოლსი პროექტის ერთ-ერთ პირველ პილოტად შეირჩა და გაჩნდა იმედი, რომ ამ სოფლებს, ერთმანეთთან თანამშრომლობით, განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცემოდათ.
რა გააკეთეს? თავდაპირველად, ჩაატარეს კვლევა – სოფლების მცხოვრებლებს ჰკითხეს, რა უნდოდათ და რას ფიქრობდნენ თავიანთი სოფლის მომავალზე; შემდეგ ჩამოაყალიბეს საერთო ხედვა და მოქმედების გეგმა, სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემაზე იმუშავებდნენ; საბოლოოდ კი, შექმნეს ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს ახორციელებს და ერთიანად მართავს. პროექტს ჰყავდა ანაზღაურებადი მენეჯერი, დაფინანსებას კი მუნიციპალიტეტი, ფონდები და ადგილობრივი მოსახლეობა ინაწილებდნენ.
„მოლსის კლასტერის“ შექმნით 24 სოფელს ახალი სუნთქვა გაეხსნა. მისი მთავარი ხილული შედეგი შარშან გახსნილი თანამედროვე, საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული საერთო სივრცეა (Molsværket). თუმცა, ცვლილებები მხოლოდ ინფრასტრუქტურული არ ყოფილა. მოლსი დღეს ერთგვარ ბრენდად იქცა – იქ გადადიან საცხოვრებლად არტისტები და მეწარმეები, რომლებიც ძველ სახლებსა და ფერმებს ახალ სიცოცხლეს სძენენ; ნელ-ნელა მცირდება მიგრაცია და იზრდება იქ მცხოვრებთა რაოდენობა. მაგალითად, 2015 წლიდან 2024 წლამდე,0–6 წლის ასაკისბავშვების რაოდენობა 158-დან 229-მდე გაიზარდა. წელს კი სკოლაში რეკორდული – 27 ბავშვი მივიდა.
ფოტო: molsvaerket.dk
თუმცა, ასეთი მაგალითები მაინც იშვიათია – ხშირად ადგილობრივებს არ აქვთ რესურსი, კოორდინაცია და საკმარისი მოტივაცია ახალი ინიციატივებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან კი ამგვარ ინიციატივებს სისტემური მხარდაჭერა არ მოჰყვება. მოლსის მაგალითი ცხადყოფს, რომ სოფლის განვითარება, დანიის კოლოსალურად გამსხვილებული მუნიციპალიტეტების პირობებშიც კი, შესაძლებელია, თუ ის მხოლოდ აგრარულ ინოვაციებზე კი არა, ხალხზე და მათი სოციალური გარემოს განვითარებაზე იქნება მიმართული.
ფუნქციური დეცენტრალიზაცია – მეტი პასუხისმგებლობა ადგილებზე
დღეს დანიას, მოსახლეობის რაოდენობით, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტები აქვს. თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რაოდენობა 8-10 000-ის ფარგლებში მერყეობს, დანიაში ის 50-60 000-ია.
რეფორმამდე მთავრობა მიიჩნევდა, რომ მცირე მუნიციპალიტეტებს უჭირდათ სერვისების ეფექტურად მიწოდება, რთული იყო შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზება, ხოლო სუსტი ადმინისტრაციული სტრუქტურები ახალ სოციალურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს თავს ვერ ართმევდნენ. ამიტომაც, 2007 წლის რეფორმას სამი მთავარი მიზანი ჰქონდა: 1. სახელმწიფო სერვისების ოპტიმიზაცია გადასახადების გაზრდის გარეშე; 2. ადგილობრივი დემოკრატიისა და სოციალური მომსახურების გაძლიერება; 3. პასუხისმგებლობების უკეთ გადანაწილება მმართველობის სხვადასხვა დონეზე. სწორედ ამ მიზნებისთვის უნდა მიეღწია ახლადჩამოყალიბებულ 5 რეგიონსა და გამსხვილებულ 98 მუნიციპალიტეტს.
დანიაში ჩათვალეს, რომ 2007 წლამდე არსებული ოლქები ყველაზე სუსტირგოლები იყო– ისინი არც საკმარისად ძლიერები იყვნენ და არც საკმარისად დეცენტრალიზებულები. ამიტომაც გააუქმეს, მათ ფუნქციების ნაწილი მუნიციპალიტეტებს გადაულოცეს, ნაწილი კი სახელმწიფო უფლებამოსილებად გაწერეს.
ოლქების ნაცვლად შექმნილ ხუთ რეგიონს პასუხისმგებლობის ძირითად სფეროდ ჯანდაცვის (საავადმყოფოების) სისტემის მართვა განუსაზღვრეს. მათ, ასევე, ევალებათ მუნიციპალიტეტებისთვის კონსულტაციის გაწევა სივრცითი დაგეგმარებისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე; რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზება და გზების სუბსიდირება მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. თითოეული რეგიონის საბჭო შედგება 41 წევრისგან, რომლებსაც ოთხწლიანი ვადით, რეგიონული არჩევნების გზით ირჩევენ. საბჭოს კი თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. რეგიონებს საგადასახადო უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ისინი, ძირითადად, სახელმწიფო სუბსიდიებითა და მუნიციპალიტეტებისგან მიღებული, აქტივობაზე დაფუძნებული თანამონაწილეობით ფინანსდებიან.
სამაგიეროდ, 2007 წლის რეფორმის შედეგად, მუნიციპალიტეტებმა კიდევ უფრო დიდი როლი შეიძინეს, განსაკუთრებით,სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროებში, რის შედეგადაც, ისინი პასუხს აგებენ მოქალაქეებთან დაკავშირებულ ძირითად სერვისებზე.
რეფორმის შემდგომ მუნიციპალურ უფლებამოსილებებად განისაზღვრა:
სკოლამდელი აღზრდა, საწყისი და ქვედა საშუალო განათლება, სპეციალიზებული სწავლება, ახალგაზრდული სერვისები;
პირველადი ჯანდაცვა, სარეაბილიტაციო სერვისები და შინმოვლა;
სოციალური მომსახურება და დასაქმების სერვისები (უმუშევრობის დაზღვევა, ადრე პენსიაზე გასვლა, ფულადი დახმარება, საავადმყოფო დახმარება);
სპორტი და კულტურა;
სივრცითი დაგეგმარება, გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების მართვა;
იმიგრანტების ინტეგრაცია;
ადგილობრივი გზებისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა.
დანიაში ადგილობრივი თვითმმართველობები ყველაზე მსხვილ თანხებს სოციალურ დაცვაზე ხარჯავენ. ის მათი საერთო ხარჯების 55%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს (მაგ. 2019 წელს – 14.1%) და მშპ-ის 19.0%-ს შეადგენს (საშუალოდ OECD-ში – მხოლოდ 2.2%).
მეორე, რაზეც დიდი თანხები იხარჯება, ჯანდაცვაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯების 25.3%–ს და მშპ-ის 8.7%-ს შეადგენს. თუმცა, ჯანდაცვის სფერო თითქმის მთლიანად რეგიონების კომპეტენციას მიეკუთვნება, ამიტომაც, სწორედ ჯანდაცვა წარმოადგენს რეგიონული ხარჯების დაახლოებით 90%-ს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ხარჯები ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში შედარებით მცირე წილს იკავებს, მათ მთლიან საჯარო ხარჯებში მაინც მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცხოვრისი და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, კულტურა, დასვენება, გარემოს დაცვა და სხვა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებსა და ტრანსპორტს, ამ სფეროში დანიური თვითმმართველობების ხარჯები შედარებით მცირეა და შესაბამისად, მუნიციპალური ბიუჯეტების მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს.
მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებებს იღებს ადგილობრივი საბჭო, რომლის წევრებსაც მოსახლეობა ოთხწლიანი ვადით ირჩევს, ხოლო მერს, საკუთარი რიგებიდან, თავად საბჭო ნიშნავს.
დანიის ადგილობრივ ხელისუფლებებს ნებაყოფლობითი და დელეგირებული უფლებამოსილებები ისევე გააჩნიათ, როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტებს, თუმცა, იქ ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად არც ცენტრი უზღუდავს ფინანსებს და არც საკუთარი თანხების გამონახვა უჭირთ. გარდა ამისა, დანიაში, ადგილობრივ დონეზე, ეფექტური საჯარო სერვისების მიწოდებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობაც. თითოეული მუნიციპალიტეტი, სხვა მუნიციპალიტეტებთან ან კერძო კომპანიებთან ერთად, საშუალოდ, 47 ერთობლივ პროექტში მონაწილეობს. თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა დასაქმება და იმიგრანტთა ინტეგრაცია, საბავშვო ბაღები და სკოლები, კულტურა და თავისუფალი დრო, სოციალური მომსახურება, ტექნოლოგიები და გარემო, ხანდაზმულთა მოვლა, ჯანდაცვა, დიგიტალიზაცია, ბიზნესის განვითარება, ტურიზმი და სხვა.
ხომ ხშირად გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, სად მიდის თქვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი? პასუხი ზოგადია – ცენტრალურ ბიუჯეტში, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ, კონკრეტულად რას ხმარდება ის. ეს იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირდება. დანიელმა გადასახადის გადამხდელებმა კი მისი მიზნობრიობა დაზუსტებით იციან, იმიტომ, რომ მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის დიდი წილი მუნიციპალურ ბიუჯეტებში მიემართება. უფრო მეტიც – ამ გადასახადის განაკვეთებს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობები ადგენენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები საკუთარ საჭიროებებს – გზებს, ბაღებს, სკვერებს, დასვენებისა და გართობის სივრცეებს, განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ უზრუნველყოფას – თავადვე აფინანსებენ. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათ მიერ გადახდილი გადასახადით მათივე საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება, ის სერვისები, რასაც თავადვე მოიხმარენ.
2007 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ მუნიციპალიტეტები დარჩნენ ერთადერთ ადგილობრივ დონედ, რომლებსაც გადასახადების დაწესების უფლება აქვთ. რეფორმის შემდეგ ამგვარი უფლება რეგიონებს არ მიეცათ – მათი შემოსავლის მთავარ წყაროს გრანტები და სუბსიდიები წარმოადგენენ, ეს მუნიციპალიტეტებისთვის კი – გადასახადები.
ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი შემოსავლის წყარო საშემოსავლო გადასახადია. სწორედ ეს გადასახადი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლების 89.2%-ს, საერთო შემოსავლების 32.6%-ს და მშპ-ის 11.3%-ს.
ფიზიკური პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის დაახლოებით 50–60% პირდაპირ ადგილობრივ ბიუჯეტებში აკუმულირდება და სწორედ ეს ანიჭებს მუნიციპალიტეტებს დიდ ფინანსურ დამოუკიდებლობას. დანარჩენი ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში მიემართება, თუმცა, ისიც ნაწილობრივ სოლიდარულ სისტემას ხმარდება – მაგალითად, ფინანსურ გათანაბრებას, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ.
როგორც უკვე ვთქვით, მუნიციპალიტეტებს აქვთ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის უფლება, თუმცა, არსებობს სისტემა, რომელიც ამ მაჩვენებლის სწრაფი ზრდის შესაძლებლობას აფერხებს: იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტების ჯამური გადასახადის დონე გადააჭარბებს შეთანხმებულ მაჩვენებელს, სახელმწიფო ზოგად გრანტს ამცირებს, რაც ერთგვარ სანქციას წარმოადგენს. საშემოსავლო გადასახადის საშუალო განაკვეთი დაახლოებით 25%-ია. თუმცა, ეს განაკვეთები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, კოპენჰაგენში ის 23.5%-ია, ხოლო ბრონდერსლევში–26.3%.
მუნიციპალიტეტებს წილი კორპორაციული გადასახადიდანაც შესდით და ეს ადგილობრივ მთავრობებს უზარმაზარ მოტივაციას სძენს, რომ მათ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ეკონომიკური აქტივობის განვითარებას, იმიტომ, რომ თითოეული ახალი კომპანიიდან საშემოსავლო გადასახადის დაახლოებით 25% იმ მუნიციპალიტეტს რჩება, სადაც ეს კომპანია ფიზიკურად ოპერირებს.
გარდა საშემოსავლო გადასახადისა, მუნიციპალურ ბიუჯეტებში რჩება უძრავი ქონების გადასახადიც. ეს გადასახადი მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლების 10.7%-ს და მთლიანი შემოსავლების 3.9%-ს წარმოადგენს. უძრავი ქონების გადასახადები მოიცავს მიწის გადასახადს, საჯარო ქონების გადასახადსა და საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ შენობებზე დაწესებულ გადასახადებს. მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა, გარკვეული სუბიექტები – კერძო სკოლები, არაკომერციული დაწესებულებები, მუზეუმები და სხვა – მიწის გადასახადისგან გაათავისუფლონ.
მუნიციპალიტეტებს ასევე შეუძლიათ, დაარეგულირონ ეკლესიის გადასახადი, თუმცა, ეს გადასახადი მხოლოდ იმ პირებს ეხებათ, ვინც ეკლესიის წევრები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ დანიაში მუნიციპალიტეტებს მაღალი საკუთარი შემოსავლები აქვთ, ფინანსური გათანაბრების სისტემა მაინც რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად. სისტემა მოიცავს როგორც შემოსავლების, ისე დანახარჯების გათანაბრებას და ამისთვის თანხების ნაწილი ეროვნული ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ნაწილს კი ძლიერი ეკონომიკის მქონე მუნიციპალიტეტები გამოყოფენ.
ფინანსური გათანაბრების საერთო მოცულობა დაახლოებით მშპ–ს1.5–2.0%-ია, რაც, OECD-ის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. ამ მოდელის ფარგლებში დანიის მუნიციპალიტეტებს შორის შემოსავლები ნაწილდება ისე, რომ ღარიბ რეგიონებს გაუმჯობესებული წვდომა ჰქონდეთ სახელმწიფო სერვისებზე. სისტემა ითვალისწინებს როგორც სოციალური რისკების გათანაბრებას (მაგ. ხანდაზმული ან სამუშაოს არმქონე მოსახლეობის მაღალი წილი), ისე შემოსავლების პოტენციალის გადანაწილებას. სწორედ ასე ახერხებს დანია ძლიერი დეცენტრალიზაციის შენარჩუნებას თანასწორობის მაღალი ხარისხით.
მოქალაქეთა მონაწილეობა – როცა მმართველობა ერთობლივი საქმე ხდება
დანიაში ფისკალური დეცენტრალიზაცია მხოლოდ საბიუჯეტო საკითხი არ არის – ის პირდაპირ კავშირშია მოქალაქეების აქტიურ ჩართულობასთან. როცა გადასახადის გადამხდელს აქვს ზუსტი ინფორმაცია, სად მიდის და როგორ იხარჯება მისი ფული, ის არა მხოლოდ მეტადაა დაინტერესებული ადგილობრივი განვითარებით, არამედ გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც აქტიურად მონაწილეობს.
ამიტომაც, დანიაში ადგილობრივი დემოკრატია კაბინეტებს მიღმა ვითარდება – იქ, სადაც ადამიანები პირდაპირ წყვეტენ, რა გაკეთდეს მათი გადახდილი გადასახადებით. აქ მოქალაქის ხმას მუდმივად უსმენენ – თემატურ შეხვედრებზე, მონაწილეობის პლატფორმებსა თუ ბიუჯეტის განხილვის ღია სესიებზე.
მაგალითად, ქალაქ როსკილდეში, განათლების რეფორმამდე, მუნიციპალიტეტმა ჯერ მშობლებთან გამართა დიალოგი და აქ გამოთქმული სამი წინადადება საბოლოო გეგმაში პირდაპირ შეიტანა. შედეგი? – მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბავშვების წვდომა რესურსებზე.
ქალაქ ოდენსეში, მაგალითად, მოქალაქეთა ასამბლეის დროს, ერთ-ერთმა მამამ სკოლისკენ მიმავალი გზისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხი წამოჭრა. მისმა ინიციატივამ არა მხოლოდ დღის წესრიგში გადაინაცვლა, არამედ გავლენა იქონია სატრანსპორტო სისტემის რეფორმაზეც. მისთვის არავის უთქვამს – “განვიხილავთ”, “შევისწავლით”, “შევაფასებთ”, არამედ მას პირდაპირ უპასუხეს – „მოდი, ერთად გადავჭრათ“.
ქალაქ ოლბორგში, მაგალითად, მოსახლეობამ გასულ წელს თავად აირჩია, რომ მცირე ბიუჯეტით მიტოვებული სკვერის რეაბილიტაცია დაფინანსებულიყო, რადგან ეს ადგილი მათ შვილებთან ერთად სასეირნოდ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება, რომელიც საქართველოში ნელ-ნელა ინერგება, დანიაში უკვე სტანდარტად იქცა. თუმცა, მონაწილეობა მხოლოდ პროექტების შერჩევით არ შემოიფარგლება. ქალაქ არსში რეგულარულად ტარდება “borgerdialog” – თემატური შეხვედრები, სადაც მოქალაქეები თავად იწვევენ თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საჯაროდ საუბრობენ, მაგალითად, სოციალური სერვისების ეფექტიანობაზე, ან ეკოლოგიური საფრთხეების მართვაზე.
მუნიციპალიტეტებმა ახალი ტექნოლოგიებიც ძლიერ ინსტრუმენტად აქციეს: მაგალითად, კოპენჰაგენში მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ონლაინ პლატფორმებზე დატოვონ იდეები, მისცენ ხმა ურბანულ პროექტებს და რეალურ დროში ადევნონ თვალი, როგორ სრულდება ადგილობრივი ბიუჯეტი. ეს განსაკუთრებით იზიდავს ახალგაზრდებს, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების ტრადიციული პროცესიდან ხშირად განზე რჩებიან.
ეს ყველაფერი მხოლოდ ჩართულობის ზრდა კი არა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კულტურაცაა. მაგალითად, ფუნენის რეგიონში, მუნიციპალიტეტები ამომწურავად ხსნიან გადაწყვეტილებებს, თუ რატომ აირჩიეს ერთი პროექტი მეორის ნაცვლად, როგორ აისახა ეს მოქალაქეთა მომსახურებაზე და როგორ შეიცვალა ხარისხი.
ორჰუსში, მაგალითად, როდესაც სოფლის სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, ადგილობრივებმა საჯაროდ განიხილეს შედეგები – გაუმჯობესდა თუ არა აკადემიური მოსწრება, ან სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურობა. ეს უკვე მხოლოდ „გახარჯული ბიუჯეტი“ აღარ არის – ეს მოქალაქესთან უკუკავშირია და მას შეუძლია შეაფასოს, მიაღწია თუ არა დახარჯულმა ფულმა მიზანს.
როცა ნდობა სტატისტიკაზე მეტია
დანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შესვლა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე აღარ არის. არც ბიუჯეტი რჩება მხოლოდ ანგარიშვალდებული უწყებების საზრუნავად. დღეს ეს ყველაფერი საერთო საქმეა.
დაგვერწმუნეთ, ეს ხმამაღალი ნათქვამი სულაც არ არის და ამას ციფრებიც ადასტურებს. ბოლო მონაცემებით, დანიის მოქალაქეთა 73% ენდობა საკუთარ ადგილობრივ ხელისუფლებას. უფრო მეტიც – მოქალაქეთა 61% თვლის, რომ მათი ხმა ადგილობრივ თვითმმართველობას ნამდვილად ესმის. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანების დიდი უმრავლესობა დარწმუნებულია – ადგილობრივი თვითმმართველობები გადაწყვეტილებებს იღებენ ღიად, სამართლიანად და მათთან კონსულტაციით.
მონაწილეობის მექანიზმები დღეს დანიის მუნიციპალიტეტების 80%-ზე მეტშია დანერგილი.ზოგან ესაა ბიუჯეტის განხილვის გახსნილი ფორმატები, სხვაგან – მოქალაქეთა ინიციატივებზე დაფუძნებული პროექტების თანადაფინანსება, ან თემატური ასამბლეები. ფორმა განსხვავდება, მაგრამ იდეა ერთი რჩება: მოქალაქე აღარ დგას ხელისუფლების გარეთ. ის სისტემის შიგნითაა – თანამონაწილე, თანადამგეგმავი, თანაპასუხისმგებელი.
და სწორედ ამიტომ, დანიაში ფისკალური დეცენტრალიზაცია მხოლოდ ფინანსური მექანიზმი არ არის. ის დემოკრატიის განმტკიცების ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელიც მოქალაქეს გადასახადის გადამხდელიდან გადაწყვეტილების თანამონაწილედ აქცევს. როცა მოქალაქე ხედავს არა მხოლოდ ბიუჯეტის ციფრებს, არამედ საკუთარ გავლენას იმაზე, თუ როგორ იხარჯება ის, ეს ნდობას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს უკვე არ არის მმართველობა ხალხისთვის, ეს არის მმართველობა ხალხთან ერთად. ალბათ, ამიტომაც არის დანია ბედნიერი ქვეყნების სკალაზე მუდამ წინ.
სტატია მომზადებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს მედია-კლუბი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!