“თვითმმართველობის კოდექსში” ტერმინი “გენდერი” სიტყვებით – “ქალი და მამაკაცი” ჩანაცვლდა

84

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მეთექვსმეტე მუხლში, რომელიც, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებთან ერთად, ნებაყოფლობითი უფლებამოსილების სფეროებსაც ადგენს, საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა და ტერმინი – “გენდერული თანასწორობა” სიტყვებით – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობა” ჩაანაცვლა.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, თუ აქამდე მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა პროექტები და პროგრამები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის, ამიერიდან ეს პროექტები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული.

ცვლილება, ერთი შეხედვით, ტერმინოლოგიური ხასიათისაა, თუმცა, ექსპერტები მას ღრმა პოლიტიკურ და ღირებულებით ჭრილში განიხილავენ, როგორც სახელმწიფოს მიერ გენდერული მრავალფეროვნების ცნების სამართლებრივი ველის გარეთ დატოვების მცდელობას.

არსებული პრაქტიკა და ახალი რეალობა

ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მუნიციპალიტეტი ქმნიდა გენდერულ საბჭოებს, იღებდა გენდერული თანასწორობის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს სწორედ იმ მოდელზე დაყრდნობით, რომელიც “გენდერზე დაფუძნებულ ანალიზსა” და სოციალური სქესის მრავალფეროვნების აღიარებას გულისხმობდა. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წლებია, ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭოები, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას გენდერული ბიუჯეტის პროგრამა აქვს დანერგილი, ნაწილს, მაგალითად, თბილისს, გენდერული სტრატეგია აქვს დამტკიცებული, ხოლო არაერთ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამებია დანერგილი.

2020 წელს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით, 64 მუნიციპალიტეტისთვის შეიქმნა გენდერული პოლიტიკის განვითარების ჩარჩო დოკუმენტიც, ხოლო 18 მუნიციპალიტეტი მიუერთდა “ევროპულ ქარტიას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ”, რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვას სწორედ იმ გაგებით ითვალისწინებს, რომელსაც კანონიდან ახლახან ამოღებული ტერმინი მოიცავს.

ქარტიის მოთხოვნები და ახალი გამოწვევები

“ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ” მკაფიოდ მოითხოვს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, რაც არა მხოლოდ ქალებისა და მამაკაცების ფორმალურ თანასწორობას, არამედ გენდერული იდენტობების, როლებისა და გამოცდილებების მრავალფეროვნების გათვალისწინებასაც მოიცავს.

ქარტია გენდერს განიხილავს, როგორც სოციალურ კონსტრუქციას, რომელიც განსაზღვრავს ქალებისა და კაცების როლებს, ქცევასა და შესაძლებლობებს, თუმცა, დოკუმენტის თანახმად, თანასწორობა არ გულისხმობს მხოლოდ ბიოლოგიური სქესების თანაბარ მოპყრობას, არამედ მოიცავს გენდერული სტერეოტიპების დაძლევას, გენდერულ იდენტობათა მრავალფეროვნების აღიარებას და გენდერული გავლენის ანალიზს საჯარო პოლიტიკაში.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვები: შესაძლებელია თუ არა ქარტიის პრინციპების სრულფასოვანი შესრულება, როცა “გენდერის” ცნება კანონიდან გაქრა? შეძლებენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობები, შეინარჩუნონ ქარტიით აღებული ვალდებულებები ახალი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში?

ქარტიის სულისკვეთებას გამოხატავს 2023 წელს დედაქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გენდერული სტრატეგიაც. დოკუმენტში ხშირად გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა “გენდერული მგრძნობელობა”, “გენდერული ანალიზი” და “ინკლუზიური მიდგომები”, რაც ცხადად აჩვენებს, რომ თბილისის საკრებულო ამ დრომდე გენდერს არ განიხილავდა თვითმმართველობის კოდექსში რამდენიმე დღის წინ შეტანილი ცვლილებების პრიზმიდან.

სტრატეგია ასევე ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასაც, რაც მოიცავს ამ სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან პერიოდული შეხვედრების ჩატარებას გენდერული თანასწორობის პრობლემურ საკითხებზე და მათ ჩართვას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოუწევთ, დააკორექტირონ საკუთარი ნორმატიული აქტები კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. ეს კი, სავარაუდოდ, პირდაპირ გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე არსებულ პროგრამებსა და პროექტებზე. როგორ აღიქმება თანასწორობა მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის დროს – იქნება ეს განათლება, ბიუჯეტი, სოციალური პროგრამები თუ ძალადობის პრევენცია – დამოკიდებული იქნება სწორედ იმ ტერმინოლოგიაზე, რომელიც კანონმა ორი დღის წინ განსაზღვრა.