დუშეთის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 1 307 544 ლარის ღირებულების 8 პროექტი დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ დუშეთში გოგებაშვილის ქუჩის მოასფალტებას 113 412, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტებას 74 074, აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთის (ახალი ტონჩის ხიდამდე) გზის მოასფალტებას 208 933, ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე გზის მოასფალტებას კი 216 453 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის სოფელ უნდილაანთკარში 129 162, ხოლო სოფელ ბარისახოში 195 034 ლარი დაიხარჯება. ამასთან, სოფელ ზოტიკიანთკარი-შალიკიანთკარის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას 232 038 ლარი მოხმარდება.
ხოლო, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯუღისის ხევზე დოლასქედთან საავტომობილო ხიდის მოწყობისთვის რეგფონდიდან 138 438 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 1 376 365 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყაზბეგის, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.