ტაქსის მძღოლები ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლიან

1543

წინა სტატია

ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ.

“მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ”, – განმარტავენ მომსახურების სააგენტოში.

სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს: მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ტაქსის ლიცენზია.

ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს  სერვისცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზსა – 2 41 91 91 და ვებგვერდზე.
1 მარტიდან ტაქსის მძღოლებზე ავტომობილის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაიცემა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვების გასცემას იუსტიციის სახლი აწარმოებდა. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება და გასული წლის 4 დეკემბრიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე, ასევე, ელექტრონულ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი ჩართული აღარაა.

28 თებერვლის მონაცემებით ტაქსის 27 400 ნებართვაა გაცემული.

ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურებაც აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.

თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.

დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები გასულ წელს დაიხაზა.