ეკატერინეს სასახლეში, ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში ჭერის ნაწილის ჩამონგრევის მიუხედავად, დამთვალიერებლებს ჩვეულებრივ მიიღებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ განაცხადა, შეეძლოთ ეს სივრცე გადაეკეტათ, თუმცა ტერიტორია მოასუფთავეს და აქ გადაადგილება თავისუფლად შეიძლება. მისივე თქმით, აპრილამდე, სანამ სასახლის რეკონსტრუქცია დაიწყება, ჭერის ამ ნაწილის შეკეთება არ ღირს და ამიტომ არ შეაკეთებენ. თუმცა, რესტავრაციას ჩაუტარებენ დაზიანებულ შვიდ ექსპონატს – ოთხ ფერად სირჩას და სამ ღვინის ბოკალს.
“არ ღირს, იმიტომ, რომ აპრილის თვეში იწყება სასახლის სრული რეკონსტრუქცია. ჩვენ მაინც მოგვიწევდა ყველაფრის აღება. კარგი იქნებოდა, რომ მოგვესწრო და ასე არ მომხდარიყო. ეს ძველი, ამორტიზებული სასახლეა. სიახლოვეს არ შეიძლება ხმის გამაძლიერებლების გამოყენება სასახლეში. რყევები თანდათანობით გროვდება. ამ დაგროვების შედეგად მოხდა ეს ჩამონგრევაც. მშვიდი გარემო რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა არც ჩამონგრეულიყო“, – ამბობს ლილი ბერაია.
მისივე თქმით, სხვა დარბაზებს პრობლემა არ აქვს და კონკრეტულად ეს საგამოფენო სივრცე იყო ყველაზე მეტად დაზიანებული, რის გამოც ადრეც ჰქონიათ შემთხვევა, როცა იგივე ჭერი, სხვა ადგილას ჩამოინგრა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობის ერთ-ერთ ოთახში ჭერი დღეს გამთენიისას ჩამოიშალა.