23 თებერვალს დაბა ბაკურიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია ესწრებოდა.
საერთო კრებამდე გამართულ ფარულ კენჭისყრაში შერჩეული 4 პროექტიდან მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მუსიკალური სკოლის შენობის რეაბილიტაციას მისცა. შესაბამისად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 40 000 ლარით წელს ბაკურიანში მუსიკალურის სკოლა გარემონტდება.
კენჭისყრის შემდეგ, ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს.
“საერთო კრების შემდეგ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც წელს დაბა ბაკურიანში განხორციელდება, კერძოდ: აშენდება ახალი საბავშვო ბაღის შენობა, დასრულება ბაკურიანის შემოვლითი რამდენიმე კილომეტრიანი გზის მშენებლობა, ასევე აქტიურად გაგრძელდება საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.
ამასთანავე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ადგილობრივებს გააცნო სამთავრობო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და არსებული შესაძლებლობები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღწეულ შედეგებზე”, – განმატავენ ბორჯომის მერიაში.
“გვინდა, ხალხისგან მივიღოთ ინფორმაცია და ამიტომ ვესწრებით სოფლის კრებებს”, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამეტნში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას.
როგორც ცნობილია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები 15 იანვრიდან იმართება. კრებების გარკვეულ ნაწილს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და ცენტრალური ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სოფელ ლამისყანაში ისიც განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო კეთილ ნებას გამოიჩენს და სოფლის სტადიონს კეთილმოაწყობს. ეს კი, ექსპერტთა აზრით, უწყების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა იქნება.