ფინანსთა მინისტრი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას შეხვდა

790

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ჩავიდა და სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა. ასევე, შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, თითოეულ სოფელში შევხვდეთ მოსახლეობას, მოვისმინოთ მათი პრობლემები, ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზები. ასეთი კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან თავად მოსახლეობას შეუძლია შეარჩიოს პრიორიტეტული პროექტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პროგრამის გაორმაგების შესახებ და წელს ამ მიმართულებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სოფლის კრებაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით წელს ზეღდულეთში რიტუალების სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან აღდგა. 15 იანვრიდან დღემდე, უკვე ათასზე მეტი სოფლის კრება გაიმართა.