ზუგდიდის მერია: უნდა ვიფიქროთ რა ჯობია, ყინულის სახლი თუ ბრენდული სასტუმრო

862

წინა სტატია

ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა ჯობია ქალაქის განვითარებისთვის, იდგეს იქ ყინულის სახლი, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 300 000 ლარი უჯდება, თუ გვინდა არსებულ ლანდშაფტში ჩასმული ბრენდული სასტუმრო – ასე უპასუხა ზუგდიდის მერიამ მოქალაქეთა ნაწილის პროტესტს, რომლებმაც სკეიტპარკში სასტუმროს მშენებლობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. მერიის თქმით, სასტუმრო დამატებით ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს ქალაქს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“მით უმეტეს, ყინულის სახლის ტენტს ორ წელში საექსპლუატაციო ვადა გასდის და მისი აღდგენა 1 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება ბიუჯეტს. სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განიხილება არსებული ყინული სახლის გადატანა და მისი აწყობა ეწ. სენდვიჩ პანელებით, რომელიც ჩაიდება საინვესტიციო ხელშეკრულებაში და ამ ხარჯებს მთლიანად სასტუმროს მშენებელი კომპანია გაიღებს“, – აცხადებს მერია.

როგორც მერიაში განმარტავენ, მნიშვნელოვანია ყველა მსგავს საკითხზე შეთანხმების მიღწევა. სწორედ ამ მიზნით, 19 თებერვალს სასტუმროს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება, სადაც აქციის მონაწილეებსაც ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრება და ინიციატივები დააფიქსირონ.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია m²-მა” ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტი  წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სასახლეს გადატანას კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე აპირებენ.