ზუგდიდის სკეიტპარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას 16 თებერვალს გააპროტესტებენ. კერძოდ, საუბარია 120 ნომრიან სასტუმროზე, რომლის მშენებლობაც დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება. აქცია ფეისბუქზე “ზუგდიდი თაიმსის“ ჯგუფში დაიგეგმა.
“მეგობრებო, ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, გვიხარია და ვაფასებთ, როცა ვხედავთ მისი განვითარებისთვის სასიკეთო ძვრებს. მაგრამ ვერ ვიქნებით სირაქლემას პოზაში მაშინ, როცა ვხედავთ რომ მთავრობას ეშლება და ეს ჩვენს ქალაქს აზიანებს. ამიტომ ვფიქრობთ რომ რეკრეაციულ ზონაში , ე.წ. სკეიტპარკის ტერიტორიაზე, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა არის დაუშვებელი. ვისაც გტკივათ ზუგდიდი, ჩვენ მოქალაქეებმა, ჩვენი პოზიცია ყველამ უნდა დავაფიქსიროთ! ვიკრიბებით შაბათს 16 თებერვალს, 16.00 საათზე, სკეიტ პარკში, ყინულის სახლთან“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია m²-მა” ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტი წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სასახლეს გადატანას კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე აპირებენ.