ზუგდიდში ყინულის სახლის სხვა ადგილას გადატანა სურთ

1165

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტები იყო. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო ყინულის სახლი. შემოსულია მოქალაქეთა წერილების საფუძველზე გამოითქვა მოსაზრება, რომ დაიწყოს საჯარო დისკუსიები ყინულის სახლის სხვა ადგილას გადატანის შესახებ. საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია ყინულის სახლი იუსტიციის სახლის მიმდებარედ. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ის არ ჯდება არქიტექტურულ ანსამბლში და უმჯობესი იქნება მისი მშენებარე საცურაო აუზის ტერიტორიაზე გადატანა. ამ საკითხის გარშემო დაიგეგმა საჯარო დისკუსიების მოწყობა“,- განაცხადეს სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

6-წლიანი რემონტის შემდეგ ყინულის სახლი, როგორც მერიაში აცხადებენ, 2019 წლიდან ამოქმედდება, თუმცა ჯერ კიდევ არ იციან, გახსნის ზუსტი თარიღი.

ზუგდიდის მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ყინულის სახლის თანამშრომელთა ხელფასებისთვის 152 900 ლარი დახარჯა. ეს მაშინ, როცა ყინულის სახლი არ ფუნქციონირებდა.

ზუგდიდში ყინულის სახლი პირველად 2007 წელს აშენდა და 2011 წელს ქუთაისისთვის ჩუქების მიზნით დაშალეს. მას შემდეგ ზუგდიდში ყინულის სახლის მშენებლობის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. საბოლოოდ, 2013 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საციგურაო მოედანი აშენდა, მაგრამ მას შემდეგ არ უმუშავია.