მერიის ა(ა)იპ-ებიდან შემცირებული თანამშრომლების უმეტესობას ახალი წლიდან ხელშეკრულება არ გაუგრძელდა. ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრიდან“ 22 თანამშრომელი გაუშვეს. ცენტრის დირექტორის, ნუგზარ მოლაშხიას თქმით, ხელშეკრულება არ გაუგრძელდა რამდენიმე მძღოლს და მტვირთავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ჩვენ სოფლებს ვემსახურებოდით კარდაკარ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ სოფლის მოსახლეობა ცუდად იხდის დასუფთავების გადასახადს, მთელ სოფელში 10-15 ოჯახი თუ იხდის. მანქანების გასვლა სოფლებში დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ გადავწყვიტეთ იმ ოჯახებთან მივიდეთ, ვინც მოსაკრებელს იხდის. შესაბამისად, მძღოლების რაოდენობა შემცირდა. არსად არცერთ ქვეყანაში არ არსებობს დასუფთავების უფასო სერვისი. თუ იქნება საშუალება, დავაბრუნებთ. მე დავუმტკიცე ყველას, რომ საშტატო განრიგი აუცილებლია ჩვენი სამსახურის საქმიანობისთვის“, – განაცხადა ნუგზარ მოლაშხიამ..
კეთილმოწყობის ცენტრიდან კი 8 ადამიანი გაათავისუფლეს. “არ ჩავთვალეთ საჭიროდ ამდენი თანამშრომელი“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ნოე პერტაიამ.
ასევე, ბიუჯეტის შემცირების აუცილებლობით ხსნის თანაშმრომელთა შემცირებას “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი მანუჩარ სამუშია, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 8-ით ნაკლები გახდა.
“გასულ წელს 2 მომღერალი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ახალი არ აგვიყვანია და შტატი გავაუქმეთ. ერთი თანამშრომელიც თვითონ წავიდა. ზოგადად, ვფიქრობთ ბიუჯეტის შემცირებაზე და განვითარებაზე“, – ამბობს მანუჩარ სამუშია.
ამასთან, ცნობილია, რომ ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრიდან 23 თანამშრომელი დაითხოვეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ჩიქოვანმა განაცხადა, დათხოვილ თანამშრომლებს ხელშეკრულება არ გაუგრძელდათ.
აღსანიშნავია, რომ მერიის სხვა ა(ა)იპ-ებიდან და შპს-ებიდან თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ, მათ შორის არ დაუთხოვიათ თანამშრომლები სკოლამდელი აღზრის დაწესებულებათა ცენტრშიც, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებით, 679 თანამშრომელია. აქედან 47 ადმინისტრაციის თანამშრომელია, მათ შორის 3 კი დირექტორის მოადგილეა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ საკრებულოში შექმნილია ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი და მათ მიერ შემუშაევბულ რეკომენდაციებს დაელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფი ზუგდიდის საკრებულოში გასული წლის 21 დეკემბერს შეიქმნა. ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს ჯერ რეკომენდაციები არ შეუმუშავებია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებით, ზუგდიდის მერიას მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება.