2018 წლის 31 ოქტომბერს, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი იურიდიული პირების ოპტიმიზაციას გეგმავს. ოპტიმიზაციის შედეგად, შესაძლოა, შეიცვალოს როგორც მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ების) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს), ასევე იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” არაერთი კვლევა აქვს გამოქვეყნებული მუნიციპალურ ა(ა)იპებსა და შპს-ებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისა და ამ ორგანიზაციებში დასაქმების გაუმჭვირვალე პრაქტიკის შესახებ.
ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ 9 ა(ა)იპ-ისა და 2 შპს-ს დასაქმებულთა სტატისტიკა და წლიური ხარჯების მიმოხილვა 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით გამოაქვეყნა.
დასაქმებულთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებსა (2 052 თანამშრომელი) და შპს-ებში (46 თანამშრომელი) ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება 1 140 338 ლარია, რაც წელიწადში დაახლოებით 13 684 000 ლარს შეადგენს.
ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა და ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა მიმდინარე წელს 19 მილიონ ლარზე მეტია, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის (42,082.6 00 ლარი) თითქმის ნახევარს აღწევს (45%).
ადმინისტრაციაში დასაქმებულთა სიმრავლე მუნიციპალურ ა(ა)იპებში
ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მეტი თანამშრომელი (679) ჰყავს “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს”, საიდანაც 47(მათ შორის დირექტორის 3 მოადგილე), უშუალოდ ცენტრის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” მომუშავე 459 თანამშრომლიდან 91 მმართველობით რგოლშია, მათ შორის 28 ბრიგადირი და30 კონტროლიორი, 368 თანამშრომელი კი (მძღოლები, მუშები, მეველეები და ა.შ.) შრომითი ხელშეკრულებითაა აყვანილი.
“კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” (298 თანამშრომელი) საშტატო ნუსხა ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ადმინისტრაციული პერსონალი – 60 თანამშრომელი და ტექნიკური პერსონალი – 238 თანამშრომელი.
136 ადამიანია დასაქმებული „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში”, რომლის ოთხი განყოფილება და ადმინისტრაცია (ჯამში 30 თანამშრომლით) ა(ა)იპ-ის მმართველ რგოლს წარმოადგენს, დანარჩენი 6 განყოფილება კი სხვადასხვა სპორტული მიმართულებებია, მათ შორის „ყინულის სასახლესთან არსებული ფიგურული სრიალისა და ჰოკეის განყოფილება”. ამ განყოფილებაში 11 საშტატო ერთეულია. აღსანიშნავია, რომ „ყინულის სახლის” მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა, შესაბამისად ფიგურული სრიალისა და ჰოკეის წრეები ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
209 თანამშრომელი ჰყავს “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს”, სადაც ყველაზე მეტი – 33 პირია დასაქმებული ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში.
149 ადამიანი მუშაობს „მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში”, მათ შორის 21 შტატგარეშე თანამშრომელია, 16კი მმართველობით რგოლშია დასაქმებული.
დასკვნა და რეკომენდაციები
საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპ-ის ხელმძღანელის დანიშვნისას გადაწყვეტილებას, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. ამასთან, ეჭვქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.
14 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა ელემენტარული პრობლემები ვერ გვარდება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს:
- 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესრულებას მერიის სამსახურები ვერ შეძლებენ და ამისთვის ცალკე შპს-ს ან ა(ა)იპ-ის შექმნაა საჭირო;
- ზუგდიდის მერიამ იმ სფეროების იდენტიფიცირება უნდა მოხდინოსს, სადაც ა(ა)იპ-ის, შპს-ის და მერიის სამსახურების საქმიანობებს შორის უფლებამოსილებები დუბლირებულია;
- ზემოაღნიშნული ეტაპების გავლის შემდგომ, მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელ მინიმუმამდე შემცირდეს როგორც იურიდული პირების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც;
- მნიშვნელოვანია, რომ დამკვიდრდეს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე პრაქტიკა, კადრების შერჩევა მხოლოდ საჯარო კონკურსების მეშვეობით უნდა იყოს შესაძლებელი, ასევე გამოირიცხოს ნეპოტიზმის შემთხვევებიც;
მერიამ მაქსიმალურად უზრუნველყოს გარკვეული მუნიციპალური სფეროების მოსაწესრიგებლად და მოსახლეობისთვის სერვისის მისაწოდებლად კერძო კომპანიების დაინტერესება, რასაც დასჭირდება გარკვეული მუნიციპალური ქონების საჯარო ელექტრონულ აუქციონზე გატანა და კონკრეტული მომსახურების შესაძენად ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.