მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, პროკურატურის მიერ ამოღებულ ნივთმტკიცებაზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბიოლოგიური მასალის არსებობა ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, არ დასტურდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ბიოლოგიური ექსპერტიზით უდავოდ დადასტურდა ის გარემოება, რომ იმ ჭიქაზე, რომელშიც აღმოჩნდა ელჩინ ალახვერდიევის შარდი, არ არის თემურ აბაზოვის ბიოლოგიური მასალა, ანუ მისი გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ასევე არ ვლინდება სხვა პირების გენეტიკური თანამონაწილეობა“, – განაცხადა აბაზოვის ადვოკატმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც ბრალდების მხარის სამი მოწმე, კერძოდ, ექიმი ფსიქიატრი ხათუნა ჭყოიძე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ მანჯგალაძე და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი ვერა ოკუნევა დაიკითხნენ.
როგორც სხდომის მიმდინარეობისას ფსიქიატრმა ხათუნა ჭყოიძემ განაცხადა, ელჩინ ალახვერდიევის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოკვლევის დროს მძიმე იყო.
“სტრესული მდგომარეობა ჰქონდა. მიამბო, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ წაიყვანეს გაურკვეველ ადგილზე, მათგან ერთმა შეაფურთხა, სილა გააწნა, იყო მუქარა, რომ თუ ბოდიშს არ მოიხდიდა და არ აგინებდა საკუთარ მეუღლეს, მასზე სექსუალურ ძალადობას განახორციელებდნენ, აიძულეს საკუთარი შარდით დაებანა პირი, ეს გარემოება მას განსაკუთრებით ანერვიულებდა“, – განაცხადა ფსიქიატმა ხათუნა ჭყოიძემ.
ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ფსიქო-ნევროლოგიურ ცენტრში, ელჩინ ალახვერდიევს რუსულენოვანი თარჯიმნის თანხლებით ესაუბრებოდა ფსიქიატრი, თუმცა ალახვერდიევი ცუდად ფლობს რუსულ ენას და ფსიქიატრის მიერ მიცემული ჩვენება ნაკლებად სანდოა.
“ელჩინ ალახვერდიევმა იცის მხოლოდ აზერბაიჯანული ენა, ის სრულყოფილად ვერ ფლობს რუსულ ენას, რა ენაზეც როგორც ფსიქიატრმა განაცხადა, მასთან კომუნიკაცია ჰქონდა“,- განაცხადა თემურ აბაზოვის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
პროკურორი გიორგი ლობჟანიძე კი აცხადებს, რომ დღეს დაკითხულმა მოწმეებმა ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე ისაუბრეს.
თემურ აბაზოვისა და სხვა პირთა საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა 13 დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.