რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი მერაბ მერაბიშვილი დაიკითხა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც მოწმემ განაცხადა, საქმის გამოძიებას, საწყის ეტაპზე ის აწარმოებდა და სწორედ მის მიერ იქნა მოძიებული და შესწავლილი ის მტკიცებულებები, რაც აღნიშნულ საქმეში მათ ბრალეულობას ამტკიცებს. დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის მოწმის დაკითხვისას შეკამათება მოხდა.
ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თემურ აბაზოვის დედის – ნანული აბაზოვას სხდომაზე დასწრებისთვის მოსამართლე ქეთევან ლუაშვილის ნებართვა სთხოვა. მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ნანული აბაზოვა დედაა და აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე დაარღვია სასამართლო დარბაზში წესრიგი, დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მას სხდომაზე დასწრების ნება დართო.
შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვის დედა, წინა სხდომაზე მოსამართლემ წესრიგის დარღვევის გამო, დარბაზიდან გააძევა.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.