ზურაბიშვილი: რეგიონების პრეზიდენტი ვიქნები. არ შეიძლება ყველაფერი თბილისში იწყებოდეს და მთავრდებოდეს

991

“რეგიონების პრეზიდენტი ვიქნები, რადგან თუ ძლიერი რეგიონები არ იარსებებს, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი, არ შეიძლება ყველაფერი თბილისში იწყებოდეს და მთავრდებოდეს”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გორში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ყველას და პირველ რიგში მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ მათ სამუშაო ადგილები შექმნან.

“თქვენ ხართ ძალიან დიდი მაგალითი იმის, რაც კეთდება ამ ქვეყანაში და რაც სამომავლოდ უნდა გაკეთდეს. საწარმო, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას, ბიოპროდუქციას აწარმოებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მართლაც ამ ქვეყნის მომავალი, რომ ჩვენი პროდუქცია ბიოლოგიურად იყოს დაცული. ის, რომ ეს რეგიონი ხეხილის და მისი გადამუშავების მიმართულებით ძლიერია, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ რეგიონების პრეზიდენტი ვიქნები, რადგან თუ ძლიერი რეგიონები არ იარსებებს, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი. არ შეიძლება ყველაფერი თბილისში იწყებოდეს და მთავრდებოდეს.

მე ვიქნები თქვენს გვერდით, რომ ეს რეგიონები თავისი მიმართულებებით გავაძლიეროთ, მე ვიქნები თქვენი ელჩი გარეთ, ექსპორტის ბაზრებზე, ექსპორტის ბაზარი აღარასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი. ჩვენთვის მსოფლიო ღიაა და უფრო მეტადაც შეიძლება მსოფლიოს ბაზრები გაიხსნას. მე გარწმუნებთ, რომ ჩემი წარსული გამოცდილებით ამაზე ვიმუშავებ. ვფიქრობ, მაქვს შესაძლებლობა, რომ ამ დარგში გარკვეული შედეგები მივიღოთ, ისევე როგორც ეს მოხდა სხვა დარგში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ადგილზე მყოფ ფერმერებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შედგეს თანამშრომლობა სახელმწიფოს, მთავრობის, კერძო საწარმოებსა და კერძო მრეწველებს შორის.

“სახელმწიფო კი არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, რასაც თვითონ ქმნის ეს საჯარო სამსახურია და აწვება ქვეყნის ბიუჯეტს, არამედ სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ყველას და პირველ რიგში მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ მათ შექმნან სამუშაო ადგილები. ასე ვითარდება ქვეყანა და ეს არის ქვეყნის ნამდვილი ხერხემალი.

ბევრი პროგრამა არსებობს, მათ შორის “აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამა და არაერთ ადამიანს შევხვდი, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა და წარმატებული აღმოჩნდა. ასეთი პროგრამები უნდა იყოს მეტი და ადვილად ხელმისაწვდომი, ინფორმაციას უნდა ფლობდეს ყველა. ეს არის ჩვენი ახალგაზრდების მომავალი, რომ თქვენსავით წარმატებული ფერმერები და მეწარმეები გახდნენ აქ და სხვაგან. საშუალო ტიპის მეწარმე ქვეყნისთვის არის აუცილებელი, რადგან პატარა და საშუალო ტიპის მეწარმეები არიან ქვეყნის ყველაზე თავისუფალი ნაწილი. მათ ძალით ვერავინ ვერაფერს გააკეთებინებს. დიდი საწარმოების შემთხვევაში სხვანაირადაა, ყოველთვის გარკვეული სახის ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსთან და კარგად ვიცით ეს როგორ იყო სხვა რეჟიმის დროს. პატარა და საშუალო მეწარმეები არიან ინ ნაწილი, ის ფენა ჩვენი ქვეყნის, რომელიც ყველაზე მეტად უნდა გაძლიერდეს.

მე მინდა, იცოდეთ, ჩვენ ერთად ვაშენებთ ქვეყანას. მე, თქვენთან ერთად ვიქნები. სწორედ მე უნდა ვიყო თქვენი დამცველი. შრომის უსაფრთხოება არის ჩემი საქმე და აქ უნდა შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტები. ეს არის ის ცხოვრების სტილი და ადამიანების დაცულობა, რომელიც ევროპის მიღწევას წარმოადგენს და ჩვენ ეს უნდა გადმოვიტანოთ. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა. ასევე, მეწარმეების და პატარა ბიზნესის დაცვაში პრეზიდენტი არ შეიძლება არ იყოს თქვენ გვერდით, დღეიდან თქვენთან მიგულეთ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღეს საქართველო იყოს სხვანაირი, თუმცა თავისი ტრადიციებით და თანამედროვე ელემენტებით“, – აღნიშნა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

შეგახენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს 28 ნოემბერს გაიმართება. ამასთან, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 583 022 ლარი გამოიყო.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.