რეგიონების კვირეულზე ოფიციალური პირები არ მოვიდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში “რეგიონების კვირეულის” გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, ღონისძიებაზე “არავინ წამოვიდა, თუ ვერავინ გაბედა წამოსვლა”.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები.
ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავს. ამის მიუხედავად ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, რეგონების კვირეული გუშინ “სვანეთის დღეებით” დაიწყო და სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
„სვანეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იყო რეალურად ჩვენი საგანძურის დამცველი და თავისივე კულტურის შემქმნელი. ამ ორივე კუთხით უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა, გადაგვირჩინა სვანეთმა დღემდე და რითაც გახდა ერთ-ერთი ძალიან ტურისტული, მაგრამ კულტურული რეგიონი. ეს არ არის მხოლოდ მთა. ეს არის კულტურა და მთა ერთად, რაც ძალიან იშვიათია. ძალიან იშვიათია, რომ მთასთან ერთად იყოს ასეთი განვითარებული ადგილობრივი კულტურა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “რეგიონების კვირეულის” დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.
სვანეთის დღეები არის “რეგიონების კვირეულის” პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული.