პრეზიდენტი: თვითმმართველობის განვითარებისთვის საჭიროა ფინანსური დამოუკიდებლობა

384

წინა სტატია

თვითმმართველობის განვითარებისთვის საჭიროა ფინანსური დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში “რეგიონების კვირეულის” გახსნაზე განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანი არის, იყო და იქნება ყოველთვის სვანეთისთვის თვითმმართველობა და ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელიც ამ სასახლეში გაჟღერდება. თვითმმართველობა ჩვენთან ჯერ განვითარებული არ არის. ქაღალდზე არის, თუმცა, გაცოცხლებული თვითმმართველობა არ გვაქვს, რადგან რეგიონებს არ აქვთ იმ გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რომელიც რეალურ თვითმმართველობას ქმნის. ფინანსური თვითმმართველობა და დამოუკიდებლობა და საშუალება, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ, თუ როგორ დაიხარჯოს ეს თანხები – ეს არის თვითმმართველობის ღერძი და აქ ჯერ არ ვართ მიუსლები და ამაზე დისკუსია ძალიან საინტერესო იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოფიციალური პირები, რომლებიც რეგიონების განვითარებით უნდა იყვნენ დაინტერესებულები პრეზიდენტის სასახლეში გამართულ რეგიონების კვირეულზე არ მივიდნენ, ან მისვლა ვერ გაბედეს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები.

ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავს. ამის მიუხედავად ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგონების კვირეული გუშინ “სვანეთის დღეებით” დაიწყო და 3 დღეს გასტანს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო არენაზე.