ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა.
ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.
პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდება.
საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.