თბილისის ავტობუსებზე სამუშაოდ 19 ქალ მძღოლს ამზადებენ. ინფორმაცია გამოცემა ინტერპრესნიუსი “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიღებული 10 ქალი გადამზადების პრაქტიკულ კურსს გადის, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული 9 ქალი – თეორიულ კურსს.
“პირველ ნაკადში მიღებულმა 10-მა ქალმა უკვე გაიარა თეორიული სწავლების კურსი და ახლა ისინი პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან, რომლის შემდეგაც ჩააბარებენ გამოცდას. გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ კი, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობაზაში სწავლების 2-კვირიან კურსს გაივლიან, რის შემდეგაც დასაქმდებიან.
როგორც იცით, 25 ქალი მძღოლის გადამზადება შეგვეძლო, თუმცა, იმის გამო, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ 10 მძღოლი გადავამზადეთ, გამოვაცხადეთ თავიდან განაცხადების მიღება. მეორე ეტაპზე 9 მძღოლი გადის თეორიული მომზადების კურსს. ჯამში 19 ქალი მზად იქნება დასაქმებისთვის, თუ ისინი შესაბამის ეტაპებს, მათ შორის გამოცდას წარმატებით გაივლიან“, – განაცხადეს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
ცნობისთვის, სწავლება “თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.
პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც ავტოსკოლის მიერ იფარება.