თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს.
სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე. კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ განთავსებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე.