მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, ასევე რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმეზე სასამართლო სხდომა 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ბრალდებისა და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა განაცხადა, ვინაიდან ბრალდების მხარემ სხდომის მიმდინარეობისას კონკრეტული მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, სხდომის გადადების გადაწყვეტილებაა მიღებული.
თავის მხრივ, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ შესავალ სიტყვაში ისაუბრეს კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებენ საქმის არსებით განხილვაზე.
“ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, ყველა ის მოწმე, ყველა წერილობითი მტკიცებულება, რომლის გამოკვლევასაც ვაპირებთ საქმის არსებითი განხილვის დროს. მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარეს ჰყავს დაზარალებული, ასევე მოწმეები, ასევე სხვა ტექნიკურ საშუალებებში არსებული ინფორმაციები, რომელიც უდაოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ოთხივე ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალადშერაცხული დანაშაული. ბრალდების მხარის მოლოდინია, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. დარწმუნებული ვართ, რომ ობიექტურ პირს, ამ შემთხვევაში მოსამართლეს, დავარწმუნებთ იმაში, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ლაზარიშვილმა.
მისივე თქმით, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებზე დანიშნული იყო შესაბამისი ექსპერტიზა, რომლის დასკვნა ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ და ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ საუბრობს ამ ჩანაწერებში.
“მას შემდეგ რაც მტკიცებულებებს მივიღებთ, მოვიტანთ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს. რაც შეეხება სხვა ექსპერტიზის დასკვნებს, ბრალდების მხარემ ჩაატარა გენეტიკური ექსპერტიზა, რითიც დაადგინა, რომ იმ კონკრეტულ ჭიქაში, რომელიც გამოყენებული იქნა დანაშაულის ჩადენის დროს, რეალურად იყო დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევის შარდი“, – განაცხადა ლევან ლაზარიშვილმა.
ამასთან, თემურ აბაზოვის ადვოკატის განცხადებით კი, ბრალდების მხარეს, დაზარალებულად ცნობილი პირის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ გააჩნია. გაგი მოსიაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო, მისი დაცვის ქვეშ მყოფ თემურ აბაზოვს გაამართლებს.
“დაუშვებელია და კანონის არსებითი დარღვევაა, როდესაც საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენს ერთადერთი დაინტერესებული, დაზარალებულ მხარედ ცნობილი პირის ჩვენება. სწორედ ამ მიმართულებით იქნა ჩვენს მიერ ყურადღება გამახვილებული შესავალ სიტყვაში. კანონის არსებითი დარღვევაა და კანონის უპატივცემულობაა, როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს, რომ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა საქმეში არის მხოლოდ ერთადერთი დაინტერესებული პირის ჩვენება, დანარჩენი სხვა მტკიცებულებები არის ბრალის გამამართლებელი მტკიცებულებები“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.