ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერიას სწორედ იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ედავება, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ ქრთამი აიღეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მერიამ მის საკუთრებაში არსებული ქონება გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მიისაკუთრა:
“უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი გაყალბებულია. დოკუმენტი რომლის საფუძველზეც გადაეცა ჩემი ქონება მუნიციპალიტეტს, გაყალბებულია. არ აქვს ბეჭედი და ხელმოწერა, არქივში არ მოიპოვება მიღება-ჩაბარების აქტი“.
მანანა მიქავას თქმით, ლაშა გოგიამ ბიზნესმენ კვირკვიას, რომლისგანაც ქრთამი აიღო, თანხა სწორედ მას შემდეგ დაუბრუნა, როცა მიწის ნაკვეთზე სამართლებრივი დავა დაიწყო.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ მანანა მიქავას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუსმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია საგამოძიებო ორგანომ მაშინ დააკავა, როცა მტკიცებულებები შეკრიბა.
ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადასცემია და ამ დრომდე უცნობია მტკიცებულებები, რის საფუძველზე დააკავეს ლაშა გოგია.
ამასთან, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას ბრალის ოფიციალურად წარსადგენად ვადა 3 ნოემბრამდე აქვს.
ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მერი ლაშა გოგია საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის უფროსი იყო.