ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი ბრალს არ აღიარებენ. ლაშა გოგიას ინტერესების დამცველი, მერაბ მამულაძე ამბობს, რომ დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან საქმის მასალებს არ გაცნობია, თუმცა ერთადერთი, რისი თქმაც შეუძლია ის არის, რომ გოგია თავს დამნაშავედ არ ცნობს და ქრთამის აღემას უარყოფს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
თავის მხრივ, გია გულორდავას ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის თქმით, დანაშაულს არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს. ამ ეტაპზე კი დუმილის უფლებას იყენებს.
“ეს იმას ნიშნავს, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ ჩაუდენია აღნიშნული. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმომცემია“, – ამბობს ადვოკაი.
ზაქარია გვიშიანის თქმით, ბრალს დაკავებულს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუსმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზუგდიდის მერს და ვიცე მერს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მერი ლაშა გოგია საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის უფროსი იყო.