ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატი: არ ვიცით, რატომ დააკავეს ლაშა გოგია

887

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატი ლაშა გოგიას წინასწარ პატიმრობაში დატოვების საჭიროებას ვერ ხედავს. მერაბ მამულაძე ამბობს, რომ გოგია გამოძიებასთან თანამშრომლობს და მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადასცემია და ამ დრომდე უცნობია მტკიცებულებები, რის საფუძველზე დააკავეს ლაშა გოგია. ადვოკატის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ, დღის მეორე ნახევარში სრულიად მოულოდნელად ქუჩაში აიყვანეს.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ საუბრის ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ლაშა გოგია ფიგურირებს და რომელშიც ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასგან ქრთამის აღებაზეა საუბარი, ადვოკატი ამბობს, რომ უცნობია, ჩაუტარდა თუ არა ჩანაწერს ექსპერტიზა და არის თუ არა ავთენტური ეს ჩანაწერი.

“მისი პოზიცია არის ერთადერთი, – რომ ლაშა გოგიას არანაირი ბრალი არ მიუძღვის არანაირ კორუფციულ გარიგებაში. მას არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და წარმოდგენა არ აქვს, რატომ ედავებიან აღნიშნულ მუხლს. რატომ მოხდა მისი დაკავება, ამ ეტაპზე არ ვიცით. გავრცელებულ ჩანაწერზე არის თუ არა ექსპერტიზა ჩატარებული, ჯერ არ ვიცით. ის აცხადებს, რომ მისი მონაწილეობით რაიმე კორუფციული გარიგება არ ყოფილა.

ბრძოლა და ჩვენი მიზანი არის ერთადერთი – რომ დადგინდეს პირის უდანაშაულობა. აუცილებლად მოვახდენთ აღნიშნული პირის უდანაშაულობის დადგენას. დარჩება თუ არა საპატიმრო დაწესებულებაში, დაცვის მხარე ამ პერიოდს მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად გამოიყენებს. მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს, როდესაც საზოგადოების აქტიური წევრია, ჰყავს ოჯახი, საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებული პირია და გამოძიებისთვის ხელის შეშლა მისი მხრიდან არცერთ ეტაპზე არ ყოფილა. ამიტომ გაუგებარია, რატომ შეიძლება ის დატოვონ პატიმრობაში. დაცვის მხარეს მოთხოვნა ექნება, რომ ის ყველანაირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს”, – განაცხადა მერაბ მამულაძემ.

ამასთან, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას ბრალის ოფიციალურად წარსადგენად ვადა 3 ნოემბრამდე აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუსმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500  განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია საგამოძიებო ორგანომ მაშინ დააკავა, როცა მტკიცებულებები შეკრიბა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზუგდიდის მერს და ვიცე მერს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მერი ლაშა გოგია საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის უფროსი იყო.