ქუთაისის ყოფილმა მერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შაშიაშვილის თქმით, ხიდის რეაბილიტაცია არასწორად მიდის და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“არ ვიცი, მიჭირს შეფასება, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზამთარში ეს ფირფიტები გაიყინება და შეიძლება ადამიანებმა კიდურები მოიტეხონ. ზაფხულში კი იმდენად გახურდება, რომ ზედ გავლა ძალიან რთული იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს თემურ შაშიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი ჩავარდა, მეორე კი 3 აპრილს გამოცხადდა. “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი კომპანია “ალმა-რუს საქართველოს ფილიალმა” მოიგო.
ხიდის რეაბილიტაცია მიმიდნარე წლის ივნისში დაიწყო და თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 22 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა, მერიამ სამუშაოები ჯერ 5 სექტმბრამდე, შემდეგ კი სექტემბრის ბოლომდე გადაავადა. რეაბილიტაციის დასრულების ზუსტი დრო კი ჯერაც უცნობია.