ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება

327

ქუთაისის მერია საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფს აძვირებს. სწორედ აღნიშნული საკითხია ჩანიშნული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში, რომელიც მერიის ოფიციალურ გვერდზე დღეს არის ატვირთული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

წარმომადგენლობით ორგანოში რიგგარეშე სხდომა 15 ნოემბერს დაიგეგმა. რვა პუნქტიან დღის წესრიგში ტრანსპორტის გაძვირება მეორე საკითხად არის ჩანიშნული.

“ქუთაისიპოსტის” ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა ორმაგდება და 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი ხდება. მუნიციპალურ ტრანსპორტზე თანხის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფის მომატებასაც. რასაც ქალაქში ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის დირექტორიც აღნიშნავს.

“მოგეხსნებათ, როგორ გაძვირდა საწვავი, მგზავრი კი იმდენი აღარ არის, ამიტომაც ვფქირობ აუცილებლად უნდა მოიმატოს მგზავრობის თანხამ. თუკი მუნიციპალურ ტრანსპორტზე საფასური გაძვირდება ეს გამოიწვევს ავტობუსების მგზავრების შემცირებას და ყველა ჩვენსკენ წამოვა, ეს კი გააკოტრებს ადგილობრივ ბიუჯეტს. ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც, ავტობუსებზე ფასის მომატების შემდეგ, ჩვენთან, მიკროავტობუსებზეც მოიმატებს ღირებულება. თუ რამდენით მე ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი”, – ამბობს შპს “სამგზავრო 2007”-ის დირექტორი ალეკო დვალიშვილი.

აღსანიშნავია რომ სატრანსპორტო კომპანიის არაეფექტური მუშაობის გამო ადგილობრივმა ბიუჯეტმა შემოსავლები დაკარგა. თავდაპირველად არახელსაყრელი გადახდის სისტემის გამო მგზავრობის საფასურისგან მიღებული თანხა იმდენად მიზერულია, რომ ის საწვავის ხარჯებსაც ვეღარ ფარავს.

ნახეთ ამ თემაზე “ქუთაისიპოსტის” მიერ მომზადებული ვრცელი მასალა – როგორ აკარგვინებს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბიუჯეტს შემოსავლებს.

წაგებაზე მომუშავე თავისივე კომპანიას კი, მერიამ რამდენიმე თვის წინ დაფინანსება გაუზარდა.

ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე “ქუთაისიპოსტი” ადრეც წერდა, თუმცა, მაშინ ეს ქალაქის მერმა უარყო და განაცხადა, რომ ტრანსპორტზე არსებული ტარიფი შენარჩუნდებოდა.

ქუთაისში 60 ერთეული ლურჯი ავტობუსები მერიამ 2020 წელს შეისყიდა და ამისთვის 23 მილიონ 100 400 ლარი 10 წლიანი ვადით ისესხა.