მერიამ 90 ახალი ავტობუსი უკვე შეიძინა, 220 ავტობუსზე ტენდერს კი თვის ბოლომდე გამოაცხადებს

953

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დედაქალაქისთვის 90 ახალი ავტობუსი უკვე შეძენილია, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.

მისი თქმით, მერია გეგმავს, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლონ. მუმლაძის განცხადებით, ფრანგული კომპანია ჩაატარებს კვლევას და გამოკითხვების შედეგად გამოავლენს, უბნებს რომლებსაც მუნიციპალური ავტობუსები არ ემსახურებათ.

“რეალურად ჩვენ რაც გვყავს მიკროავტობუსები და ავტობუსები, პიკის საათებში, არ არის საკმარისი. ერთი მიზეზია, რომ თავის დროზე მოხდა 200-მდე ავტობუსის ქსელიდან ამოღება, რის გამოც ხაზები დაიჩეხა. დღეს დედაქალაქში 530 ავტობუსი მუშაობს. 35-მდე ხაზი კი, აღსადგენია, ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს”,- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

მუმლაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის  სამარშუტო ტაქსების  მოძრაობის შეზღუდვა საავტობუსო ზოლზე არ იგეგმება, ვინაიდან ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი.

ასევე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლებიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

მისი თქმით, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

ამასთან, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI-FI დამონტაჟდება.