“ვაპირებთ დამატებით რამდენიმე ერთეული ავტობუსის შეძენას”, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს სხდომაზე, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, დაგეგმილია ავტობუსებს შორის ინტერვალის კიდევ შემცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით ლაცაბიძეს კითხვა საკრებულოს თავმჯდომარემ დაუსვა. შეროზიამ მერს ჰკითხა, იგეგმება თუ არა არსებული მარშრუტის გაუმჯობესება.
“დიახ, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი. მათ შორის ახალგაზრდებს როდესაც ვხვდებით, კიდევ გვინდა, რომ გავაუმჯობესოთ. პროცესში დავამატეთ 1 ავტობუსი, ვაპირებთ, რომ კიდევ შევამციროთ ინტერვალი ავტობუსებს შორის და გვინდა, საათში 7-მა ავტობუსმა იაროს. ესეც გაუმჯობესება იქნება, თუმცა კიდევ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, რომ ავტობუსები იყოს უფრო მოქნილი, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის და ვაპირებთ დამატებით რამდენიმე ერთეული ავტობუსის შეძენას”, – აღნიშნა რუსთავის მერმა კითხვის საპასუხოდ.
გარდა ამისა, ლაცაბიძემ ისაუბრა იმ კრიტიკულ დამოკიდებულებებზეც, რომელიც რუსთაველების ნაწილს თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებთან დაკავშირებით აქვს.
“გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მივიღეთ მხოლოდდამხოლოდ იმ მიზნით, რომ რუსთაველ სტუდენტებს სოციალური პირობებიდან გამომდინარე, სწავლაზე თავის დანებების საფრთხე არ შეექმნათ. სულ ვამბობთ, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ, მთავარი, ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვისარის, ამ ქალაქში ახალგაზრდების განათლება და განათლების ხელშეწყობაა. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ეს იყო ფორსმაჟორიდან გამომდინარე და თუ ამას თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად იმ ჯგუფისთვის, ვისთვისაც ჩვენ ეს გავაკეთეთ, იმ რესუსრსების ფარგლებში, რაც გვქონდა, არის გამართლებული იმიტომ, რომ 3500-ზე მეტი ადამიანი მგზავრობს და აქედან 80% ყოველ დღე არის სტუდენტი. ამ ადამიანებისთვის ეს შეღავათია”, – განაცხადა ლაცაბიძემ.