თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია.
“თავის დროზე, 200-მდე ავტობუსმა ხაზზე მოძრაობა შეყვიტა. ეს იყო 12-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მოძველებული იყო ექსპლუატაციის კუთხით. ამის გამო ხაზები დაიჩეხა და რეალურად მიკროავტობუსებმა გადაინაწილეს ეს ხაზები. 35-მდე ხაზი აღსადგენია და ჩვენ ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. გვაქვს უბნები, სადაც მომსახურება მოსახლეობას არ მიეწოდება და ამ ხაზების აღდგენას დავიწყებთ.
რაც შეეხება ტექდათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალებამ თუ ვერ გაიარა ტექდათვალიერება, ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, ის ვერ იმოძრავებს ქალაქში. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელსაც ფეხი უნდა აუწყონ, თუ ამ სისტემას ფეხს ვერ აუწყობენ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. მიკროავტობუსების ნაწილში ვიცი, რომ 200-მდე ერთეული გაჩერებული ჰყავთ, რადგან ტესტირება ვერ გაიარა. ავტობუსების ნაწილში 100-მდე ერთეულია გაჩერებული. მიმდინარეობს მათი ტექნიკური შემოწმება, რომ ეს ტესტირება გაიარონ. რაც შეეხება დაკვამლიანებას, ეს შესაძლოა, ბევრი მიზეზის გამო მოხდეს, ტექნიკასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა მუშაობის პროცესში გამოვიდეს ავტომობილი წყობიდან”,- განაცხადა მუმლაძემ.
მუმლაძის ინფორმაციით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.