ზუგდიდისა და ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე დღეს იმსჯელებენ. ამ ქალაქების საკრებულოები სხდომებს გამართავენ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ განიხილავენ.
ქალაქ ოზურგეთში საკრებულოს სხდომა 19 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, ის კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საკრებულოს სხდომა დღეს, 22 მაისს, 16:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდს, 19 მაისს ქალაქის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს, თვითმმართველი ქალაქები არ გააუქმოს.
droa.ge-ს ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული, მანამდე კი, 14:00 საათზე ბიუროს სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ვებ-გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული ამ დრომდე არ არის.
თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი ზუგდიდის თემის, ოზურგეთის თემის, ქალაქ გორისა და გორის თემის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის თემის, ქალაქ თელავისა და თელავის თემის, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის თემის, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უკვე განიხილეს და გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს. საკრებულოს სხდომები ზუგდიდში, ოზურგეთში, გორსა და თელავში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.