“თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის “ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში” საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და პოლონელ, ამერიკელ, კანადელ და ისრაელელ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„თვითმმართველობის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ჩვენი მომავლისთვის. თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები. ეს ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. არ იქნება ძლიერი რეგიონები და არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო! რეგიონების მიმართ მეტი ყურადღება – ეს პირველივე დღიდან ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ მხოლოდ ყურადღება არ არის საკმარისი.
ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი: თუ არ იქნება შემოსავლების ახლებური გადანაწილება, არ იქნება არც თვითმმართველობა
იმისთვის, რომ რეგიონი იყოს ძლიერი – თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გაკეთებული, მაგრამ რაც მთავარია, რეგიონი პრაქტიკაში უნდა იყოს თვითმმართველი, მუნიციპალიტეტი უნდა იყოს თვითმმართველი, რაც რამდენიმე წინაპირობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ვერ დავუბრუნდებით ჩვენს ტრადიციულ წყობას.
საქართველო ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულები (მაშინ თვითმმართველი არ ერქვა) იყვნენ ძლიერები და იყვნენ ერთად. ეს ერთობა, თვითმმართველობა და მათი დამოუკიდებლობა ჩვენი ნიშაა. ჩვენ სახელმწიფოს ეს მოწყობა საბჭოთა წყობამ დაარღვია, გადაგვიყვანა ულტრაცენტრალიზებულ წყობაზე და ამით მოსპო ის, რაც ჩვენი ძლიერების საფუძვლებს წამოადგენდა, რასაც უთუოდ უნდა დავუბრუნდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.