განახლებული რეგიონების პროექტების ფარგლებში, გურიის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

496

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.

გურიის რეგიონში პროგრამით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის მაისში დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მასთან გაფორმებული ხელშკრულება შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება. თუმცა, კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო პროგრესის გამოსწორება.

პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთში უკვე დასრულდა ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.

ოზურგეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ მოედანს და 1 შენობას. შესასრულებელია კიდევ 1 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩოხატაურში დასრულებულია 14 შენობის განახლება. განახლებულია დუმბაძის ქუჩაზე არსებული შენობები, ტროტუარები, გაზონები და 1 სკვერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბაზრის შენობას, მოეწყო ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და 2 პარკი (ე.წ.რამიშვილისა და დუმბაძის პარკები).

რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს, პროექტი ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4915