9 ხმით 4-ის წინააღმდეგ – ქალაქ გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას და მის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.
ქალაქ გორში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს სთხოვდნენ, არ მიეღოთ გადაწყვეტილება ქალაქის გაუქმების სასარგებლოდ.
“საკრებულოს წევრები რომ გახდით, ჩვენ იმ პროგრამის გამო მოგეცით ხმა, რაც გქონდათ. ღირებულებები დაიბრუნეთ”, – მიმართა მოქალაქე არინა თავაქარაშვილმა საკრებულოს წევრებს, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა. “ილაპარაკეთ არგუმენტებზე, ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას”, – მიმართა მან თავაქარაშვილს.
მთავარი საკითხი, რასაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებდნენ, ის იყო, რომ ქალაქის კვლავ თემთან გაერთიანებით გორის ურბანული განვითარება შეფერხდება.
“ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით. ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, რა იქნება ქალაქისთვის კარგი და ცუდი, იყავით ქალაქის პატრიოტები”, – მიმართა გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მიშა ჩიტაძემ საკრებულოს წევრებს.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი არ ესწრებოდა, რაც არასამთავრობოებმა და დეპუტატების ნაწილმა გააპროტესტეს.
“რატომ არ ესწრება ქალაქის მერი განხილვას? ნუთუ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი?” – იკითხა გორის საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა. მისი თქმით, საკითხი ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავდა და განხილვა უნდა გადადებულიყო.
რატომ არ ესწრებოდა ჯირკველიშვილი სხდომას, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ.
საბოლოოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღეს. გაერთიანებას მხარი დაუჭირეს “ქართულმა ოცნებამ,” ირაკლი ოქრუაშვილის “ქართულმა პარტიამ” და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა “ეროვნულმა ფორუმმა”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მისცეს.