სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილესთან ირაკლი ჯიქიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს მაიზერ ნანავასა და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს შეხვდა.
მერიის ცნობით, მაიზერ ნანავამ შესაბამის სამსახურებთან ერთად იმ მუნიციპალურ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ამ დროისთვის ახორციელებს. ამასთან, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული პროექტები, მათ შორის პროექტი “სახლის მშენებლობა” და პროგრამა მრავალშვილიანთა და სოციალურად დაუცველთათვის – “ერთი თბილი ოთახი” განიხილეს.
ასევე, ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელმა მედიკამენტებისა და ოპერაციული მკურნალობისათვის განსაზღვრულ ბიუჯეტზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა გზის საფარის რეაბილიტაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საჭიროებაზეც იმსჯელეს.
“ჩვენ სხვადასხვა აქტუალური პრობლემა განვიხილეთ და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. ვფიქრობ, არასაკმარისია მოქალაქეებთან კომუნიკაციის ინტენსივობა. უნდა გააქტიურდეს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაჭრაში. მოსაგვარებელია დაუმთავრებელი მშენებლობისა და ტენდერების საკითხიც. ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების სასიკეთოდ გადაწყვეტას“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაგეგმილ პროექტებსა და არსებულ საჭიროებებზეც გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენთვის მთავარია მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინება და მუნიციპალურ პროექტებსა და პროგრამებში მათი მაქსიმალური ჩართულობა. ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივებს ვახორციელებთ. როგორიცაა “უფრო ახლოს ხალხთან“, ‘კარდაკარ საჭიროებებზე“, “შენი იდეა ქალაქის მერს“.
ჩვენ უკვე გვაქვს და ტექნიკურად ვხვეწავთ “ცხელ ხაზს“, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და ურთიერთანამშრომლობით შევძელბთ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემის დროულ აღმოფხვრას“, – აღნიშნა შეხვედრაზე მაიზერ ნანავამ.