ზუგდიდის ყოფილი მერი: პროვოკაციის მსხვერპლი აღმოვჩნდი და ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ

823

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები მიზანმიმართული პროვოკაციაა. ამის შესახებ ლაშა გოგიამ „ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა – ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

მე გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის ჰქონდეს კითხვა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით, საქმის გამოძიებაზე, რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის.

როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში, სამსახურებრივ მივლინებაში, ვიმყოფებოდი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის, მცირე კავშირიც რომ მქონდეს და თავს დამნაშავედ ვთვლიდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა, პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო.

ვრჩები გუნდში, “ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება.

მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს – ჩემს ამომრჩევლებს, რომლებმაც მომცეს მანდატი, ვყოფილიყავი ჩემთვის საუკეთესო ქალაქის მერი. მადლობა ჩემს თანამშრომლებს ერთად განხორციელებული ამბიციური პროექტებისთვის, მადლობა სამოქალაქო სექტორს, მედიას ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და მე დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას”,- აღნიშნა ლაშა გოგიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.

სუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.

მანამდე, 2014-2016  წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.

გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

როგორ ცნობილია, ლაშა გოგია 11 სექტემბერს სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.