ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.
ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.
მანამდე, 2014-2016 წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.
გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
როგორ ცნობილია, გოგია რამდენიმე დღის წინ სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული. „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. უწყების ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 16 აგვისტოს დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი, რასაც გოგიას გადადგომა უკავშირდება, სწორედ აღნიშნულ ა(ა)იპ-ში აღმოჩენილი დარღვევებია.
ინფორმაცია, რომ გოგია თანამდებობას მალე დატოვებდა, სამეგრელოს ახალი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნისთანავე გავრცელდა. მოწერელიას ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელობისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მერებს პირდაპირ უთხრა, რომ, თუ “ხუთოსნები” არ იქნებოდნენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ახალმა გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ თვითმმართველობების კომუნიკაცია მოსახლეობასთან არადამაკმაყოფილებელია. “ვფიქრობ, მიუღებელია სახელისუფლებო ძალაუფლების სარგებლობა ან შესაძლებლობების მიცემა გარე, არაუფლებამოსილი კერძო, არაჯანსაღი ინტერესების დასაკმაყოფილებლად”, – განაცხადა 21 აგვისტოს მოწერელიამ.
ამ განცხადებებიდან მალევე ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი სუს-ში დაიბარეს. გუშინ გვიან ღამით კი ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა.
ოპოზიცია ზუგდიდის მერს და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.