ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეული მერის გადადგომა უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ ამ ეტაპზე უჭირთ მომხდარის შეფასება და ამბობენ, რომ ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ლაშა გოგია თავად განმარტავს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მერის მოადგილე მაიზერ ნანავას თქმით, როგორც სხვებმა, მანაც ეს სიახლე სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო. ამბობს, რომ ლაშა გოგიაზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პირველად ესმის და არც „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე სუსი-ს მიერ დაწყებული გამოძიება და ლაშა გოგიას გამოკითხვა მიაჩნია გადადგომის მიზეზად.
„შეფასება როგორ გავაკეთო, ჯერ არაფერი ვიცი ნორმალურად. ჩამოვა და თვითონ გამართავს ბრიფინგს. ბატონი მერი ბრძანდება პრაღაში მივლინებით. გავაცილეთ და ველოდებით პარასკევს. ასე რომ მოხდა, გაოგნებული ვარ. მოულოდნელი იყო“, – აღნიშნა მაიზერ ნანავამ.
საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია ამბობს, რომ ყველა კითხვას, რაც მერის გადადგომის შემდეგ დარჩა, პასუხი მალე გაეცემა. მომხდარის შეფასება მასაც უჭირს. მისი განმარტებით, ჯერ მიზეზები უნდა გაიგოს. შეიძლება თუ არა ლაშა გოგიაზე რაიმე სახის ზეწოლა მომხდარიყო, არ იცის, “ვერაფერს გეტყვით“ – განაცხადა მან. დეპუტატმა სტატუსი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, სადაც წერს:
მერის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისთვის. მათაც, დანარჩენების მსგავსად უჭირთ მომხდარის შეფასება და სავარაუდო მიზეზებზე საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მიზეზებზე ლაშა გოგია ორშაბათს ისაუბრებს. ის ამ დრომდე მივლინებით პრაღაში იმყოფება.
ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.
მანამდე, 2014-2016 წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.
გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
როგორ ცნობილია, გოგია რამდენიმე დღის წინ სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული. „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. უწყების ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 16 აგვისტოს დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი, რასაც გოგიას გადადგომა უკავშირდება, სწორედ აღნიშნულ ა(ა)იპ-ში აღმოჩენილი დარღვევებია.
ინფორმაცია, რომ გოგია თანამდებობას მალე დატოვებდა, სამეგრელოს ახალი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნისთანავე გავრცელდა. მოწერელიას ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელობისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მერებს პირდაპირ უთხრა, რომ, თუ “ხუთოსნები” არ იქნებოდნენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ახალმა გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ თვითმმართველობების კომუნიკაცია მოსახლეობასთან არადამაკმაყოფილებელია. “ვფიქრობ, მიუღებელია სახელისუფლებო ძალაუფლების სარგებლობა ან შესაძლებლობების მიცემა გარე, არაუფლებამოსილი კერძო, არაჯანსაღი ინტერესების დასაკმაყოფილებლად”, – განაცხადა 21 აგვისტოს მოწერელიამ.
ამ განცხადებებიდან მალევე ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი სუს-ში დაიბარეს. გუშინ გვიან ღამით კი გოგიამ თანამდებობა დატოვა.