მოწერელია: მოსახლეობასთან თვითმმართველობების კომუნიკაცია არ არის დამაკმაყოფილებელი

786

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს წარუდგინა. მოწერელიამ ყურადღება, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა არა საქმის ფორმალური კეთებისკენ, არამედ სიტუაციის გაჯანსაღებისკენ უნდა იყოს მიმართული. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.

“მე სრულად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც დამეკისრა და ვეცდები ჩემი საქმიანობით გავამართლო ეს ნდობა. ბუნებრივი ხელისუფლება უნდა აკეთებს იმას რაც მოსახლეობის ინტერესებშია, მაგრამ სამწუხაროდ საქმის ვითარება ჩვენს მუნიციპალიტეტებში ოპტიმიზმის საფუძველს ყოველთვის არ გვაძლევს. ჩვენი ძალისხმევა მთლიანად უნდა იყოს მიმართული არა საქმის ფორმალური კეთებისკენ, არამედ სიტუაციის გაჯანსაღებისა და პროცესების იმგვარად წარმართვის, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობს გააუმჯობესებს. ჩემი ინფორმაციით და პირადი დაკვირვებით ადგილებზე ხელისუფლება რიგ შემთხვევაში პასიურია, არ იყენებს მის ხელთ არსებულ სრულ უფლებამოსილებას, რათა საბოლოოდ გადაიჭრას მნიშვნელოვანი საკითხები. ვფიქრობ, მიუღებელია სახელისუფლებო ძალაუფლების სარგებლობა ან შესაძლებლობების მიცემა გარე, არაუფლებამოსილი კერძო, არაჯანსაღი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი ამოცანაა მოსახლეობის ფართო და აქტიური მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობების მთელ სპექტრზე. ჩვენი მიზანია მმართველობა გახდეს პრაქტიკული და კონკრეტული ძალისხმევა მივმართოთ კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად. სახელმწიფო ხარჯების კონტროლი ჩვენი პრიორიტეტია და ამ საქმეში ყველა იმ მოხელის იმედი გვაქვს ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ ასევე მეტს მოველით საკრებულოებისგან, რომელიც ხელისუფლების მნიშვნელოვანი შტო და რომელმაც უნდა უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, გამჭვირვალობა და საჯაროობა. ხშირად სურათი ამ მოთხოვნების ადეკვატური არ არის. დამაკმაყოფილებლად ვერ მივიჩნევთ ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რომლის წინაშე ანგარიშველდებულება მეტ წილად იგნორირებულია”, – თქვა მოწერელიამ თავის სიტყვაში.

სამეგრელო -ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი გუშინ პრმიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაასახელა. მან თქვა, რომ ალექსანდრე მოწერელია კერძო სექტორიდან მოდის და მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.