ახალ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა, მათ შორის, ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ იგივე წერია, რაც წინა სამთავრობო პროგრამაში ეწერა.
“შემუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები. ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გაუმჯობესდება ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრისა და შესაბამისი ახალგაზრდული სერვისების შექმნის პროცესი. გაგრძელდება ახალგაზრდული სამოქმედო გეგმების შემუშავება და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის მექანიზმებისა და მოდელების დანერგვა”, – ვკითხულობთ პროგრამაში.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა სამთავრობო პროგრამაც, რომელსაც დღეს პარლამენტში იხილავენ. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კი ხვალისთვის იგეგმება.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. მან გადადგომის მიზეზად “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა.
14 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.