საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც მას და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. ამასთან, კვირიკაშვილმა დასძინა, რომ ეს “ნორმალური პროცესია”. მისი თქმით, ივანიშვილს უნდა მიეცეს საშუალება, მთავრობა საკუთარი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს.
კვირიკაშვილმა, ასევე, თქვა, რომ გუნდური მოთამაშეა, ხედავს გუნდში განწყობებს და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობამ, მისი მეთაურობით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ვრცლად ისაუბრა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
“ჩემთვის ეს თანამდებობა იყო ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც მოქალაქეს შეიძლება დაკისრებოდა. მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის გადადგომით მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილებაც წყდება.
პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი ფორმალურად წამოაყენებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. მთავრობის დამტკიცებას პარლამენტში სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ამასთან, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად “ქართულმა ოცნებამ”, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში დაასახელა. მანამდე ის ეკონომიკის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო.