“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.
ბახტაძე ამ დროისთვის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. ის ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.
2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო, 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი; 2007-2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2005-2006 წლებში – სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა. მან გადადგომის მიზეზად “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა.
კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთლიანი მინისტრთა კაბინეტის ავტომატურად გადადგომას იწვევს. ამ დროისთვის ყველა მინისტრი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. კანონით, ბახტაძეს 7 დღე აქვს ახალი მთავრობის წარმოსადგენად. მთავრობას კი, ასევე, 7 დღეში ნდობა საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, რისთვისაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.